ჯოზეფ ბორელის განცხადება იმ პრინციპებს უთხრის ძირს, რაზეც ევროკავშირი დგას, პირველ რიგში, ეს სამართლიანობის პრინციპია - რატი იონათამიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:10 | 15.10.2024
ნანახია: 274

ჯოზეფ ბორელის განცხადება იმ პრინციპებს უთხრის ძირს, რაზეც ევროკავშირი დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„შესაბამისად, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რას ამბობს და შემდეგ გააკეთოს განცხადება, რადგან ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ ერთი რეაქცია ექნება და ეს იქნება უარი იმ მცდელობებზე, რომ ამ განცხადებებით რაღაც პულსი მისცენ რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც არანაირი ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს. ეს „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას. შემდეგ ყველას მოუწევს, პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ქართველი ხალხი მიიღებს და ეს „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდაჭერა იქნება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ობიექტური კრიტერიუმით საქართველო ლიდერი ქვეყანაა კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი სამართლიანი შემფასებელი მხოლოდ ამ დასკვნას გამოიტანს.

„საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებები აქამდეც ყოფილა, თუმცა ქვეყნისთვის ბოდიში მოუხდიათ და უღიარებიათ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები უსამართლო იყო. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის შემდეგ ბოდიშის მოხდა კიდევ მოუწევთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: "საქართველოში უარესი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ ხრის. სწორედ ამიტომ არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებული. თქვენ იცით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროპული დაფინანსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე