ჰააგის პროკურორი: სამხრეთ ოსეთის ძალებმა ჩაიდინეს დანაშაულები ადამიანურობის წინააღმდეგ

საქართველო, თბილისი - 15:00 | 15.10.2015
ნანახია: 1843

სამხრეთ ოსეთის ძალებმა და ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული, - ამის შესახებ ნათქვამია ჰააგის პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე შუამდგომლობის მოკლე შინაარსში, რომლის ქართულ თარგმანსაც თავად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) აქვეყნებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ, რომ სამხრეთ ოსეთის ძალებმა და ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული - თავს დაესხნენ სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს ან ობიექტებს.

”სახელდობრ, 2008 წლის 7 აგვისტოს ავნევის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ქართული სამშვიდობო კონტინგენტი მძიმედ დაიცხრილა სამხრეთ ოსეთის პოზიციებიდან, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაიჭრა და ამას მოჰყვა ქართული კონტინგენტის მიერ გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შტაბის (JPKF HQ) დატოვება. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს სამხედრო ოპერაცია გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შტაბის JPKF HQ და რუსული სამშვიდობო ძალების ბატალიონის (RUPKFB) ბაზის წინააღმდეგ იმ მოსაზრებით, რომ ამ უკანასკნელმა დაკარგა ხელშეუხებლობის სტატუსი. რუსული ხელისუფლების ინფორმაციით, ამ თავდასხმის შედეგად რუსული სამშვიდობო კონტინგენტის 10 სამშვიდობო დაიღუპა და 30 დაიჭრა.
პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ხელმისაწვდომი ინფორმაცია იძლევა გონივრულ საფუძველს ვარაუდისა, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსაც. სახელდობრ, არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისა, რომ სამხრეთ ოსეთის ძალებმა ჩაიდინეს დანაშაულები ადამიანურობის წინააღმდეგ - მკვლელობა, დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, გარკვეული ადამიანთა ჯგუფის ან კოლექტივის ეთნიკური ნიშნით დევნა”, - ნათქვამია განცხადებაში.

 შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, რომის სტატუტის მე-15 (3) მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა წინასასამართლო პალატას შუამდგომლობით მიმართა, 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში არსებული ვითარების გამოძიების დაწყების თაობაზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე