მე კარგად მესმის თქვენი! მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების - ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს (ვიდეო)
საქართველო, თბილისი - 12:35 | 05.11.2018 ნანახია: 1004
ბევრი თქვენგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს.
მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკურებით ახალგაზრდებს.
მისივე თქმით, "ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ".
"მინდა მივმართო ჩემს ხალხს!
მინდა მივმართო იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაკისრია თქვენს წინაშე!
პირველ რიგში, მადლობა მათ, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეთ ნდობა, მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც ბევრი პრობლემის მიუხედავად, სჯერა ჩვენი არჩეული გზის!
მაგრამ დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია!
მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი! მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების;
მესმის, რომ უკმაყოფილონი ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა;
მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე, ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს;
უკმაყოფილონი ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა;
ბევრი თქვენგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე.
დღეს არ ვაპირებ ვისაუბრო არც იმ 9-წლიან რეჟიმზე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა უფლება, ყველა ღირსება, და ეს ბევრმა თქვენგანმა საკუთარ თავსა და ოჯახზე იწვნია,
და არც ჩვენს მიღწევებზე.
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამშობლო ისევ ისტორიულ გზაგასაყართან დგას - არსებობს მცდარი გადაწყვეტილების მიღების მაღალი რისკი, მაგრამ ამავე დროს, ეს არის ახალი შესაძლებლობების, განახლების საუკეთესო მომენტი.
რამდენიმე თვის წინ მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება. მომიწია, რადგან ვხედავდი, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ.
თუმცა, ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს!
ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით.
როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას, და ახლა მინდა ვთქვა ყველას გასაგონად:
ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის. არავინ იფიქროს, რომ პარტიას რაიმე თავისთავადი ღირებულება გააჩნია. იგი არის საშუალება, რომლითაც უნდა მივაღწიოთ უზენაეს მიზანს - ხალხის უკეთეს მომავალს. ამიტომაც, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს, თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ. მაგრამ არ შეიძლება მივცეთ საშუალება ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა. ოპონენტები კი სრული სიმძლავრით ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას. მათ შეცდომების გასწორება არ სურთ! მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად!
ოპონენტები მხოლოდ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას ატარებენ. ხალხს ურცხვად პირდებიან იმას, რაც საპარლამენტო წყობაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სრულად ცდება და, ამავე დროს, ღიად გვიანონსებენ ადამიანის წამებასა და ჩაგვრაში ბრალდებულების გათავისუფლებას, რაც საზოგადოების შეურაცხყოფის გარდა, პირდაპირ დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია.
2012 წელს ჩვენ მოვიშორეთ ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი. გავიარეთ ურთულესი პერიოდი და თან ვცდილობდით, ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებზე გადაგვეყვანა. ამ გზაზე ბევრ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ:
სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლდა ბიზნესი, თავისუფალია მედია, განხორციელდა არა ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პროგრამა; ურთულეს ეკონომიკურ გარემოში მოვიპოვეთ რეგიონული ლიდერობა და მრავალი სხვა.
საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები სულ უფრო რეალურ პერსპექტივაში განიხილავენ ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირებას.
უამრავი რისკის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი სტაბილური განვითარების წლები.
და მიუხედავად ამ წარმატებებისა, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ცვლილებები, პირველ რიგში, სოციალურად ყველაზე მგრნობიარე ჯგუფებისთვის. ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით, ბუნებრივია, არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონრებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს! მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!
სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკურებით ახალგაზრდებს. ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში!
ჩემო მეგობრებო, ქვეყნის ცხოვრებაში დგება ხოლმე გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ხდება ეპოქალური ცვლილებების ავტორი და ჩვენ ერს ასეთი სიბრძნე არა ერთხელ გამოუჩენია.
მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში: საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!
მინდა შეგახსენოთ, რაც არჩევნებამდეც განვაცხადე - მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს.
ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას!", - განაცხადა ივანიშვილმა.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















