საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“

საქართველო, თბილისი - 16:44 | 02.07.2026
ნანახია: 28

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) დღეს შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დამოუკიდებელი ტელემაუწყებლების მიმართ მზარდი მარეგულირებელი და სამართლებრივი ზეწოლის გამო, რაც მედიის თავისუფლებაზე თავდასხმების მორიგ ესკალაციას წარმოადგენს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოში დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელემაუწყებლებზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა. 

IPI აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს.

"რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიის მიმართ მტრული დამოკიდებულების გაძლიერების ფონზე, მათ შორის არადამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების გამოყენებით, IPI კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გადაუდებელი ზომები მიიღოს საქართველოში მედიის თავისუფლების დასაცავად.

25 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „ტვ პირველს“ 2 500 ლარის (830 ევრო) ჯარიმა დააკისრა. კომისიის განცხადებით, მაუწყებელმა არაერთ საინფორმაციო გამოშვებაში დაარღვია სარედაქციო სტანდარტები, ასევე სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები.

იმ გამონათქვამებს შორის, რომელთა გამოც „ტვ პირველი“ დაჯარიმდა, იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების დაკავებული მონაწილეების „სინდისის პატიმრებად“ მოხსენიება და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქად“ აღწერა.

21 მაისს GNCC-მ ანალოგიური, 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა კიდევ ერთ კრიტიკულ ტელემაუწყებელს - „ფორმულას“. არხი დაჯარიმდა იმ ტერმინების გამოყენებისთვის, რომლითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა „ქართული ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმურობას, ასევე იყენებდა ტერმინს „სინდისის პატიმრები“ და პროსამთავრობო ტელეარხების აღსაწერად გარკვეულ ფორმულირებებს.

ორივე მაუწყებლის მიმართ ჯარიმები GNCC-მ მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის საფუძველზე დააკისრა. აღნიშნულ კანონში ცვლილებები მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს შეიტანა", - ნათქვამია განცხადებაში


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე