ხმა მივეცი პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:17 | 28.10.2018
ნანახია: 815

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე მისცა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან ხმა იმ პრეზიდენტობის კანდიდატს მისცა, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება.

„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, არ შეეშინდება რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს საუკუნეების მაგრამ ასევე საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირულ ხალხს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელმაც საკუთარი სურვილით უარი თქვა კენჭს იყაროს მეორე ვადით. 

შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე