აჭარა თურქი ინვესტორების დაინტერესებას სტამბოლში დაგეგმილ ბიზნესფორუმზე შეეცდება

საქართველო, თბილისი - 11:39 | 13.10.2015
ნანახია: 1763

აჭარა თურქი ბიზნესმენების დაინტერესებას სტამბოლში დაგეგმილ ბიზნესფორუმზე შეეცდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, 16 ოქტომბერს, სტამბოლში საინვესტიციო ტურების ღონისძიების ფარგლებში, „სტამბოლი-ბათუმი“ ბიზნესფორუმი გაიმართება. ბიზნესფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, და ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნოებიან.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ. ფორუმზე თურქეთის წარმომადგენლებს რეგიონის წამყვან სექტორებზე, ასევე საინვესტიციო და ტურისტულ შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიეწოდებათ. ფორუმის მონაწილეები ასევე აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნობიან.

სტამბოლში,სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, აჭარაში სხვადასხვა სექტორში, კერძოდ მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტიც იგეგმება. ღონისძიებაში ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მონაწილეობენ. ცნობილია, რომ ბიზნესფორუმზე პრეზენტაციებით შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“, შპს „მერსინ ტურიზმი“, შპს „დრიმლენ ოაზისი“, შპს „აჭარა ტექსტილი“, შპს „ალიანს პალასი“ წარსდგებიან. ისინი თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივ ინვესტორებს გაუზიარებენ.

პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და თურქულ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და სტამბოლის სავაჭრო პალატა.

ბიზნესფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკას 17 ოქტომბერს დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით აჭარაში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა თურქეთი (42%), თურქული ინვესტიციები ძირითადად ტურიზმზე, ენერგეტიკასა და მშენებლობის სექტორში ხორციელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე