Playboy შიშველი ქალების ფოტოებს აღარ დაბეჭდავს

საქართველო, თბილისი - 10:33 | 13.10.2015
ნანახია: 2342

ჟურნალი Playboy შიშველი ქალების ფოტოებს აღარ დაბეჭდავს. The New York Times-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება გამოცემის დამფუძნებელმა ჰიუ ჰეფნერმა მიიღო.

Playboy კვლავაც გამოაქვეყნებს ქალების მაცდუნებელ ფოტოებს, თუმცა ფოტოებზე ისინი მთლიანად გაშიშვლებულნი არ იქნებიან. ჟურნალის განახლებული ვერსია 2016 წლის მარტში გამოვა.

გამოცემის წარმომადგენლის თქმით, Playboy უფრო თანამედროვე გახდება. მისივე თქმით, ჟურნალი 13 წლამდე ბავშვებისთვის არ იქნება რეკომენდირებული.

2014 წლის აგვისტოდან ჟურნალი საიტზე შიშველი ქალების ფოტოებს აღარ აქვეყნებდა. შედეგად მკითხველთა საშუალო ასაკი 47-დან 30-მდე შემცირდა, საიტის მნახველთა რაოდენობა კი ოთხჯერ გაიზარდა.

Playboy მამაკაცების ჟურნალია. ის აშშ-ში 1953 წლიდან გამოიცემა. სხვადასხვა დროს ჟურნალის ყდისთვის პოზირებდნენ მერლინ მონრო, ელიზაბეტ ტეილორი, სინდი კროუფორდი და პამელა ანდერსონი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე