მეცნიერები: ფარაონ რამზეს მესამეს ყელი გამოსჭრეს

საქართველო, თბილისი - 21:57 | 21.09.2015
ნანახია: 3077

მეცნიერთა აზრით, ფარაონი რამზეს მესამე მოკლეს. შესაბამისი კვლევა, ალბერტ ზინკის ხელმძღვანელობით, იტალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს. მათი დასკვნით, ფარაონს ყელი გამოსჭრეს. რამზესის ყელზე ღრმა ჭრილობა კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათებზეა აღმოჩენილი.

ექიმების აზრით, ჭრილობა ბასრი საგნით არის მიყენებული, რაც სრულიად შესაძლებელია, სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო. `ჩვენ არ შეგვიძლია, ასპროცენტიანი სიზუსტით ვამტკიცოთ, რომ რამზეს მესამის გარდაცვალების მიზეზი ეს ჭრილობაა, მაგრამ ამ მოსაზრებისკენ ვიხრებით. ყელი შესაძლოა, ბალზამის გაკეთების დროს გაეჭრათ, მაგრამ ეს ნაკლებდამაჯერებელია, ჩემთვის ასეთი შემთხვევები ცნობილი არ არის~, _ განაცხადა ზინკმა.

ის, რომ რამზეს მესამე მოკლეს, მანამდეც იყო ცნობილი, ფარაონის მოკვლის მიზნით შეთქმულების შესახებ ტურინის იურიდიულ პაპირუსზეა დაწერილი. ამ დოკუმენტის თანახმად, რამზესის წინააღმდეგ მისმა ერთ-ერთმა ცოლმა თეიამ და ვაჟმა პენტაურმა შეთქმულება მოაწყვეს. შეთქმულებაში 20-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პაპირუსიდან ცნობილი ხდება, რომ შეთქმულების მონაწილეები დასაჯეს, მაგრამ ბოლომდე მაინც გაურკვეველი დარჩა, სისრულეში მოიყვანეს თუ არა მათ თავიანთი ჩანაფიქრი.

რამზეს მესამე ძველ ეგვიპტეს ჩვენს ერამდე 1185-1153 წლებში მართავდა. ის ფარაონების მეოცე დინასტიის წარმომადგენელი იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე