ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 18:19 | 12.10.2015
ნანახია: 2146

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ვიტალი ცხადაძეს და მთავარ სერჟანტს, მასტერ სერჟანტს შალვა მთვარელიშვილს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბრინჯაოს მედალი „The Bronze Star Medal“ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ. 43-ე ბატალიონის სამეთაურო რგოლის ოცდაათამდე სამხედრო მოსამსახურე მისიის დროს დაკისრებული ამოცანების წარმატებით შესრულებისათვის აშშ-ის არმიის ღირსების მედლით „The Army Commendation Medal“ დაჯილდოვდა.

ქართველ სამხედროებს მედლები გაერთიანებული ტაქტიკური დაჯგუფება 3-ის მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა დუგლას კრინსმანმა, ტაქტიკური დაჯგუფება „სოლიდის“ მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარი მილერმა და სერჟანტ-მაიორმა ედი გუერამ გადასცეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კოალიციურ ძალებთან ერთად შვიდი თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპარაციებს ახორციელებდა. 43-ე ბატალიონს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი როტაციის წესით ჩაანაცვლებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე