ბათუმში დღეიდან სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:27 | 01.07.2016
ნანახია: 1217

დღეიდან ბათუმში სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით,  პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 20 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საკონკურსო კომისიამ 375 განაცხადიდან 200 ბენეფიციარი შეარჩია, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ მოთხოვნებს. პრიორიტეტი მიენიჭათ მაღალი აკადემიური მოსწრების, სოციალურად დაუცველ, დედით ან მამით ობოლ სტუდენტებს, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილებსა და სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახიდან. სტუდენტური დასაქმების მიზანია სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება. სტუდენტებს ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ია შალამბერიძე შეხვდნენ. სტუდენტები მუნიციპალურ ორგანიზაციებში ორ ეტაპად, ივლისსა და აგვისტოში დასაქმდებიან. მათი ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს.
სტუდენტური დასაქმების პროგრამაში ჩართვა სტუდენტებს ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ, მერის მოადგილემ ალექსანდრე მითაიშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ მიულოცეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე