თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის აეროპორში მომხდარ ტერაქტთან აჰმედ ჩატაევის კავშირს არ ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 17:10 | 30.06.2016
ნანახია: 2000

თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის ათათურქის აეროპორში მომხდარ ტერაქტთან აჰმედ ჩატაევის კავშირს არ ადასტურებს, ამის შესახებ ,,როიტერი“ იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე თვითმკვლელები რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ. 
სტამბოლის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორად აჰმედ ჩატაევი თურქულმა გამოცემა Yeni Safak-მა დაასახელა. 
ეროვნებით ჩეჩენ აჰმედ ჩატაევზე 2008 წლიდან ფედერალური ძებნაა გამოცხადებული, ის უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. 
„1980 წელს დაბადებული აჰმედ ჩატაევი, 2008 წლიდან ფედერალური ძებნილია უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობის გამო“, - აცხადებს წყარო რუსულ მედიასაშუალებასთან საუბრისას. მისივე ინფორმაციით, ჩატაევი რამდენიმე წლის წინ ემიგრაციაში, ევროპაში წავიდა.
ცნობისათვის, ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საქართველოში იყო დაკავებული და ის თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დოკუ უმაროვის სიკვდილის შემდეგ ის ,,ისლამურ სახელმწიფოს“  შეუერთდა. 

ახმედ ჩატაევი შეერთებულმა შტატებმა ტერორისტთა სიაში რამდენიმე თვის წინ შეიყვანა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე