ცესკომ ახალი ვებ-გვერდისა და ინოვაციური სერვისების პრეზენტაცია გამართა

საქართველო, თბილისი - 15:27 | 30.06.2016
ნანახია: 1414

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი ვებ-გვერდისა და ინოვაციური სერვისების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი, როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური და ვიზუალური თვალსაზრისით განახლდა. მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, ის მაქსიმალურად გამარტივებულია და მორგებულია სხვადასხვა პორტატულ ტექნოლოგიებზე: მობილურ ტელეფონებზე და ე.წ. პლანშეტებზე. გამარტივებულია საძიებო სისტემაც - ძიება შესაძლებელია კონკრეტული არჩევნების პერიოდის მიხედვით, 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე.

,,საიტი ადაპტირებულია მცირემხედველი და უსინათლო ამომრჩევლებისთვის და ინფორმაციის ძირითადი ნაწილი მათთვის ხელმისაწვდომ ფორმატშია განთავსებული. ადაპტირების პროცესში ცესკო აქტიურად თანამშრომლობდა უსინათლოთა კავშირთან, უსინათლოთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES). IFES-ის მოწვევით ვებ-გვერდის ადაპტირების კომპონენტზე მუშაობის პროცესში ორი კონსულტანტი იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდა ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი ინფორმაციის დიფერენციაცია, - საიტზე ცალკე კატეგორიაშია განთავსებული დეტალური ინფორმაცია ხმის უფლების, ხმის მიცემის პროცედურების შესახებ. ასევე მოცემულია ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადასამოწმებელი ბმული - VOTERS.CEC.GOV.GE, სადაც მომხმარებელს შეუძლია გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები და ნახოს რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული; 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ საარჩევნო უბნების ადგილმდებარეობის ნახვა შესაძლებელია რუკაზე.

საარჩევნო ადმინისტრაციამ მომხმარებლებს კიდევ ერთ ინოვაცია - „ანდროიდ“ სისტემაზე მორგებული სპეციალური აპლიკაცია წარუდგინა. აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს, მობილური ტელეფონის/პლანშეტის გამოყენებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების შემოწმება შეუძლია.

საიტზე ფუნქციონირებს ონლაინ ოპერატორის სერვისიც, რომლის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს უფასოდ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრს.

განახლებული საიტის საშუალებით დაინტერესებული პირები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის მიღებას მარტივად შეძლებენ - მათ შორის თუ რა სახის არჩევნები ტარდება საქართველოში, რა საქმიანობებს ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა განათლების, საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია გენდერულ ჭრილში დამუშავებული სტატისტიკური მონაცემები 2014 წლიდან დღემდე.

საიტი IFES-სთან აქტიური თანამშრომლობით განახლდა. სამუშაო პროცესში ჩართული იყო IFES-ის მოწვეული დიზაინერი და 2 კონსულტანტი. საიტი ვებ-სტუდია „არტმედიამ“ დაამზადა“, - აცხადებენ ცესკოში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე