რაჭაში „რთველი 2015“-ის ფარგლებში ყურძენს 4 კომპანია იბარებს

საქართველო, თბილისი - 13:15 | 12.10.2015
ნანახია: 1768

რაჭაში „რთველი 2015“-ის ფარგლებში ყურძენს 4 კომპანია იბარებს. როგორც „რთველი 2015“-ის შტაბის უფროსის მოადგილე მერაბ შენგელია აცხადებს, მოსახლეობიდან ყურძნის შესყიდვას 4 კომპანია: „თელიანი ველი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ტიფლისსკი ვინნი პოგრები“ და „ვაზისა და ღვინის კომპანია“ ახდენენ. შენგელიას ინფორმაციით, უკვე გაცხადებული გეგმის მიხედვით, „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“-ი 15 ტონა ყურძენს ჩაიბარებს, „თელიანი ველი“ 20 ტონამდე ყურძნის მიღებას გეგმავს, „თელავის ღვინის მარანს“ რაჭიდან 30 ტონა ყურძნის მიღება და გადამუშავება აქვს გადაწყვეტილი. ხოლო რაც შეეხება „ვაზისა და ღვინის“ კომპანიას ის 5 ტონა ყურძენს ჩაიბარებს.

წინასწარი ინფორმაციით, რაჭაში 1000 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. „რთველი 2015“-ის შტაბის უფროსის მოადგილის თქმით, ყურძენი, რომლის მიღებასა და გადამუშავებას კომპანიები ვერ მოახერხებენ, ამას სახელმწიფო გააკეთებს. შენგელიას თქმით, დარჩენილ ყურძენს მთავრობა ჩაიბარებს.

„რთველი 2015“-ის შტაბის უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსახლეობისგან მწიფე (კონდიციურ) 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მიღებას 5 ლარად, ხოლო არაკონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობა 21 გრადუსზე ნაკლები იქნება - 3 ლარად მოახდენს. ძელშავისა და შერეული ჯიშის ყურძენში სახელმწიფო 70 თეთრს გადაიხდის.

რაჭაში რთველის მიმდინარეობის პერიოდში იმუშავებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე