მაგდა პაპიძემ ციხის და ღუდუშაურის ექიმების დასკვნები გაასაჯაროვა

საქართველო, თბილისი - 13:52 | 27.06.2016
ნანახია: 1826

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ციხის და ღუდუშაურის ექიმების დასკვნები წაიკითხა.

ბრალდებულის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა, მისი თხოვნით,  პროკურატურიდან დაზიანებების დამადასტურებელი დასკვნები გამოითხოვა.
"22 დეკემბერს, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემასახლეს შემამოწმა მორიგე ექიმმა. მთელ სხეულზე აღმომაჩნდა სისხლნაჟღენთები და დაზიანებები, რომელიც ექიმმა დასკვნაში აღწერა. კერძოდ - ბეჭებზე, მხრებზე, მუცელზე, ბარძაყზე, მუხლზე, ხელებზე დაზიანებები და სისხლნაჟღენთები. ექიმმა ეს დასკვნაში დაწერა. ღუდუშაურის ექიმმაც ზუსტად ის დაზიანებები აღწერა, რაც ციხის ექიმს ჰქონდა დაფიქსირებული. მისი დასკვნით, დაზიანებები მკვრივი, ბლაგვი საგნით არის მიყენებული და დაკავების თარიღს არ ეწინააღმდეგება. რაში დაგჭირდათ ჩემი წამება თუ ამდენი მტკიცებულებები და მოტივაცია გქონდათ",- მიმართა განსასჯელმა მისი საქმის გამომძიებელს, რომელიც ამ წუთებში მოწმის სტატუსით ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით იკითხება.

გამომძიებლის განმარტებით, პაპიძე დაკავებისას არავის უწამებია. დაზიანებები კი შესაძლოა, მკვლობის ღამეს, დანაშაულის ჩადენისას და კვალის წაშლისას მიიღო.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა სამხარაულის ექსპერტ-ქიმიკოსი, რომელმაც ავტომანქანიდან, ტანსაცმლიდან, თორნიკე და ომარ ქაფიაშვილების, ასევე მაგდა პაპიძის ფრჩხილების ფრაგმენტებიდან ამოღებული მიკრონაწილაკების ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე