25 ივნისს, „ფესტინოვას“ ფარგლებში, ახალქალაქსა და გარიყულაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:54 | 24.06.2016
ნანახია: 1630

პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „მომავალი მეხსიერება“ გრძელდება.

 25 ივნისს, „ფესტინოვას“ ფარგლებში, ახალქალაქსა და გარიყულაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, სოფელ გარიყულაში, „წერეთლების სასახლეში“ (ამჟამინდელ სატყეო დეპარტამენტში) გაიხსნება გამოფენა, რომელიც სოფლისა და მისი მაცხოვრებლების ამბების, მეხსიერების, წარსულის ერთგვარ არქივს წარმოადგენს.

გამოფენაში მონაწილეობენ: ჯგუფი „ბულიონი“, ქეუ მეფარიშვილი, სალომე დუმბაძე, გვანცა ჯიშკარიანი, ჯგუფი „სეკატორი“, ნინო ზირაქიშვილი, სოლომონ რაზმაძე, ლია ბაგრატიონი, დათო მიხაილიდი, მარიელ ცხვედი, მარიტა რურუა, კოკა ვაშაკიძე, ნასტასია არაბული, ანა ყოჩიაშვილი, ზიზი ნიშნიანიძე, მაკა კილაძე.

აღნიშნული ღონისძიების შემდეგ, ახალქალაქის ბაზარში, გაიმართება ძველმანების ბაზრობა. ასევე, ფესტივალის ფარგლებში აღდგენილ მე-17 საუკუნის მარანში, სტუმრები თარხნიშვილების ღვინოს დააგემოვნებენ. სოფლის გალავანთან ფონდ „აჰუაჰუ“-ს ორგანიზებული თავისუფალი კინოჩვენებაც მოეწყობა. ფესტივალის ფარგლებშივე ჟურნალი „ინდიგო“ სოფელში ბიბლიოთეკას დააფუძნებს; ამასთან დაკავშირებით, მწერლები სოფელში საჯარო ლექციებს გამართავენ.

 ფესტივალი „მომავალი მეხსიერება“ გარიყულაში, 29 მაისს გაიხსნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე