პროექტმა „კინო სკოლაში“ ევროკავშირის პროგრამის CREATIVE EUROPE დაფინანსება მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 18:32 | 23.06.2016
ნანახია: 1467

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტმა „კინო სკოლაში“,  ევროკავშირის პროგრამის “Creative Europe” დაფინანსება მიიღო.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 24 ივნისს, 13:00 საათზე კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი კოტე ჩლაიძე გაუძღვებიან.

ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ ფარგლებში გამოყოფილი 50.000-მდე ევრო მოხმარდება პროექტის „კინოს კოლაში“ ვებ-პორტალის შემნას, სადაც განთავსდება სასწავლო მასალები, ონლაინ ფილმების კატალოგი და სხვა; ასევე პროექტის ფარგლებში, კინოცენტრს ექნება წვდომა მსოფლიო კინოშედევრებზე და ქართული ფილმების განთავსების შესაძლებლობა ამავე პორტალზე.

კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტი „კინო სკოლაში“ უკვე მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამა მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 6854 კინოჩვენება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 445 სკოლაში. მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში: შუაფხო, ღები, განმუხური, კოკი, რუხი, პანკისის ხეობა, ერგნეთი, კნოლევი...

პროექტის „კინო სკოლაში“ მომდევნო ეტაპი 2016 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება და 2018 წლის იანვრამდე გაგრძელდება.

საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველი იყო, რომელიც ევროკავშირის პროგრამის - „შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe) წევრი გახდა. 2015 წლის 24 თებერვალს, ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, კულტურის სფეროში დასაქმებულ ქართულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კულტურისა და მედიის ქვეპროგრამებით გამოცხადებულ კონკურსებში და მოიპოვონ დაფინანსება ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.

Creative Europe („შემოქმედებითი ევროპა“) ევროკავშირის 6-წლიანი პროგრამაა, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა.

პროგრამაში - „შემოქმედებითი ევროპა“, მონაწილეობის მიღება შეუძლია კულტურის სფეროში დასაქმებულ ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნიან პროექტებს კულტურისა და მულტიმედიის სფეროში. “Creative Europe”-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 6 წლის განმავლობაში (2014-2020 წწ-ში) კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე