წელს, ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 17:48 | 21.06.2016
ნანახია: 2022

წელს, ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის - ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკაშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის  მხარდაჭერით, ლადო გუდიაშვილის ფონდი 4 საიუბილო გამოფენას უწევს ორგანიზებას.

22 ივნისს, 20:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, მხატვრის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რიგით მეორე გამოფენა გაიხსნება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ 1930-50 წლებში შესრულებული  ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება ესტუმროს ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზს 23 ივნისიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, 11:00 საათიდან 18:30 საათამდე, ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.

მესამე გამოფენაზე, რომელიც 1 ნოემბერიდან 15 ნოემბრამდე გაგრძელდება, ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრები გამოიფინება. მეოთხე გამოფენა კი, რომელიც 1 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლითაა დაგეგმილი, დამთვალიერებელს დიდი ქართველი მხატვრის - ლადო გუდიაშვილის ბოლო პერიოდის ნამუშევრების გაცნობის საშუალებას მისცემს.

ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი საზეიმო გამოფენა 6 მაისს გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ 40-იან წლებში შესრულებული  ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე