ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ ელისო კილაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე გამოძიება შეწყდა

საქართველო, თბილისი - 15:49 | 21.06.2016
ნანახია: 1535

ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ ელისო კილაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე გამოძიება შეწყდა. ამასტან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანყარაშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ისაუბრა.
მისი თქმით, საქმე გვქონდა ,,ბინძურ პიარკამპანიასთან“, რომელის დამკვეთიც ,,ნაციონალური მოძრაობაა“.
,,ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით განცხადების გაკეთებისგან, რადგან საჭორაოდ არ გვეცალა. მოვიდა დრო, საკადრისი პასუხი გაეცეს ელისო კილაძეს კანონის წინაშე და არ დაგვეზარება მის მიერ გავრცელებულ ყველა სიცრუეზე მოვთხოვთ პასუხს, თუნდაც სისხლის სამართლებრივად“, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
მან პროკურატურის დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც ეხებოდა „ელისო კილაძის ბრალდებებს ზვიად ჯანყარაშვილისადმი, რომ მან 75 მილიონი ლარის ქრთამი აიღო თამაზაშვილთან ერთად კაზინო „აჭარის“ საქმეზე“. ასევე საუბარი იყო გზების ტენდერებზე, რა შემთხვევაშიც კილაძე ჯანყარაშვილს ასევე ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა. გაბუნიას განმარტებით, პროკურატურის მიერ მოწმეების დაკითხვისა და სხვა მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ელისო კილაძის მიერ გავრცელებული ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა. 
დიმიტრი გაბუნია მიიჩნევს, რომ ელისო კილაძეს ჟურნალისტური საქმიანობა უნდა აეკრძალოს და აპირებს უახლოეს დღეებში განცხადებით მიმართოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და დეტალურად იქნას შესწავლილი კილაძის საქმიანობის კანონიერება.
გარდა ამისა, იგი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს ცილისმწამებლური ცნობების გავრცელების გამო კანონმდებლობის გამკაცრება.
ასევე ადვოკატი საზოგადოებას შეახსენებს, რომ პარალელურ რეჟიმში ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატების მიერ სამოქალაქო სარჩელის წარდგენა მოხდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოპასუხეს ელისო კილაძე და გაზეთი „ქრონიკა +“ წარმოადგენდნენ. მისი განმარტებით, სამწუხაროდ, სარჩელის შეტანიდან დღემდე წელიწადზე მეტია გასული და არც ერთი სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა. იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, დროულად დანიშნოს საქმის ზეპირი განხილვა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე