მთავრობა 2016 წლისთვის დენის ტარიფის ოდენობას ვერ აკონკრეტებს

საქართველო, თბილისი - 19:09 | 09.10.2015
ნანახია: 1745

„ჩვენ გვექნება ზუსტად ისეთივე ზამთარი, როგორიც გადავიტანეთ წინა წელს” - ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა, დღეს პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.  

“ტარიფების ზრდა პირდაპირ ლარის კურსის ზრდით იყო გამოწვეული და ამაში ორი აზრი არ არსებობს. გვესმის, რომ ამან ჩვენს მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტარიფები ხელოვნურად რომ დაგვეჭირა ან მთლიანად სუბსიდირების კუთხით წავსულიყავით, ეს სისტემაზე ძალიან უარყოფითად აისახებოდა.   ამიტომ ეს გადაწყვეტილება იყო ერთად-ერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც დღესდღეობით არის იმის გარანტია, რომ ჩვენ გვექნება ზუსტად ისეთივე ზამთარი, როგორიც გადავიტანეთ წინა წელს,“ - განაცხადა ელოშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, „ყველა სადისტრიბუციო კომპანიის ტარიფები დამტკიცებულია 2015 წლის ჩათვლით. ამიტომ მათი გადახედვა უკვე აღარ მოხდება და ამას ისინიც შეგუებულები არიან“.

თუმცა, ის მხოლოდ 2015 წლის ბოლომდე მდგომარეობაზე საუბრობს და დასძენს, „შემდგომში შევხედავთ, რა რეალობა გვექნება უკვე 2015 წლის ბოლოს“.

რაც შეეხება ზამთრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს, როგორც ხელშეკრულებების, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით, ელოშვილი ამბობს, რომ „რეაბილიტაციისა და მომზადების კუთხით, ყველა იმ მნიშვნელოვანი ენერგოობიექტის, რომელიც არსებობს, ჩატარებულია და ყველა ობიექტი აბსოლუტურად მზად არის“. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე