„ცოცხალი წიგნები” ემიგრანტებისთვის - ქართული ლიტერატურა იტალიურ ენაზე

საქართველო, თბილისი - 09:25 | 15.06.2016
ნანახია: 2462

15-23 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი მწერლები პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში იტალიის სხავადასხვა ქალაქში - ბარი, ფლორენცია, რომი - ემიგრანტებისთვის პოეზიის საღამოებს გამართავენ. იტალიაში მცხოვრებ ქართველებს საკუთარ შემოქმედებას წარუდგენენ - ზვიად რატიანი, ელა გოჩიაშვილი, ლელა სამნიაშვილი, მარიამ წიკლაური, ნიკა ჯორჯანელი, ლია ლიქოკელი, გიორგი არაბული და კატო ჯავახიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლიტერატურული საღამოები, ქართველი პოეტების შეხვედრები ემიგრანტებთან, სტუმრობა იტალიის სხვადასხვა საგამომცემლო სახლში და ადგილობრივ ბიბლიოთეკებში ქართული წიგნის კუთხეების შევსება. ბიბლიოთეკები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნებით განახლდება.

ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, იტალიაში გამოიცა თანამედროვე ქართველ პოეტთა მცირე ანთოლოგია, (მთარგმნელი და შემდგენელი ნუნუ გელაძე) რომელშიც „ცოცხალი წიგნების“ რამდენიმე ავტორის ლექსია შესული.

იტალიურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა პოეტ გივი ალხაზიშვილის ლექსების კრებულიც - „ვრცელი წამი“, რომელშიც ავტორის 60-მდე ლექსია შესული და  პოეტის სამ წიგნს - „უცნობი მზე“, „ჩემი დღეების მიწა“ და „ეპისტოლეთა წიგნი“ აერთიანებს. წიგნი იტალიურად ნუნუ გელაძემ და რუსუდან ყოინაშვილმა თარგმნეს; რედაქტორი ჯულიანო ლადოლფი; დაიბეჭდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამომცემლობა „ჯულიანო ლადოლფ ედიტორე“ მიერ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლის 14 იანვარს, „დედაენის დღეს“ დაიწყო. პროექტი, რომელშიც 80 მწერალია ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ამჟამად, „ცოცხალი წიგნები“ შეხვედრებს მართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში. მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით, მონო - სპექტაკლის სახით ეცნობა. ამჯერად, „ცოცხალი წიგნები“ ქვეყნის საზღვრებს გაცდნენ და უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის გამართავენ პოეზიის საღამოებს. პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მსვლელობისას, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი „მწერლის დღიურები“ გამოიცემა. 2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები“ საზოგოდოებრივი მაუწყებლის ჯილდოს „წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში“ მფლობელი გახდა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე