„ეწერა-ურო, პარკები“ - დარეჯან მინდიკაური მაგდა პაპიძისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 13:15 | 14.06.2016
ნანახია: 2447

დარეჯან მინდიკაური მისი შვილისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

"ვითხოვ, რომ მკვლელს, რომელმაც თავისი 5 წლის შვილი თავისი ხელით მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. ნუთუ ერთხელ მაინც არ დაგსიზმრებია შენი შვილი, არ გიფიქრია, რა გააკეთე მაგდა პაპიძე. სამუდამოს მოვითხოვ",- უპასუხა მინდიკაურმა პროკურორის შეკითხვას, თუ რას მოითხოვდა ბრალდებულის მიმართ.

"რა, დაინახე, რომ ჩემი ხელით გავგუდე? ", - მიმართა ბრალდებულმა მინდიკაურს.

მოწმე მინდიკაურმა ჩვენების დროს აღნიშნა, რომ მისი შვილის და შვილიშვილის ცხედრების გადმოსვენებამდე ოთახიდან დივანი და სხვა ნივთები მეზობლებმა გაიტანეს. პანაშვიდების პერიოდში დივნის ადგილას, კედელზე, შპალერზე სისხლის კვალი იყო.

„ვინც მოდიოდა ყველა ნახულობდა. დივანი როდესაც უკან მოიტანეს მეზობლებმა და სხვა ნივთები, 3 თებერვალს სტუმრები მყავდა და ვიცოდი, მაგდა დივნის სათავსოში ჭურჭელს ინახავდა და დამჭირდა ჭიქები. ჩემს შვილს ავახდევინე, ვნახეთ, რომ სისხლი იყო ჩამოწვეთებული და ჭიქებიც და ჩაიდანიც დასვრილი იყო. გარედან დივანს სისხლის კვალი არ ეტყობოდა," - განაცხადა მინდიკაურმა და აღნიშნა, რომ გამომძიებლებს შეატყობინა აღნიშნული ფაქტი.

მისივე ჩვენებით, მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის ოთახის დალაგების დროს წიგნები მის ოთახში გაიტანა, რა დროსაც ჩანაწერების რვეული გადმოვარდა.

„მაგდას ნაწერი ვიცანი. ეწერა - ურო, პარკები“, - განაცხადა მინდიკაურმა, რომელმაც მაგდა პაპიძის ორსულობაზეც ისაუბრა.

„2-3 წლის წინ მითხრა, ტყუპებზე ორსულად ვარ და უნდა მოვიშოროო. ბავშვი დამიტოვა. წავიდა ექიმთან. სახლში რომ მოვიდა და ომარმა გაიგო, უკმაყოფილო იყო ჩემი შვილი აბორტის გაკეთების ფაქტით და შელაპარაკებაც მოუვიდათ. ომარის მეორე ბავშვი უნდოდა. მაგდა არწმუნებდა, რომ მის თვის არ შეიძლებოდა. მაგდას ორსულობის და ბავშვის გაჩენის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა“, - განაცხადა მინდიკაურმა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე