ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების შესწავლა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:08 | 09.10.2015
ნანახია: 1663

 დღეს დილიდან  ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების შესწავლა დაიწყო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებში განვითარებული სტიქიის კერებში  ვითარებას  აჭარის გეოლოგიური სამსახურის ოთხი ჯგუფი   ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან  სწავლობს.  სპეციალისტები გულდასმით სწავლობენ ყველა დაზიანებულ და დამეწყრილ ლოკაციას სოფლებში.     გზების და დამეწყრილი ადგილების გაწმენდაზე 12 ერთეული სხვადასხვა ტიპის ტექნიკა მუშაობს.   ტრაქტორები, თვითმცლელები და ექსკავატორი გამოყვანილია როგორც ქობულეთის, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან. 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით  განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად , როგორც ქალაქის, ასევე მიმდებარე სოფლებიდან შემოსული ინფორმაციით  დაზარალებულია 1000-მდე ოჯახი.   ძირითადად ზარალი მიადგა ქალაქ ქობულეთში გელაურის დასახლებას და ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ამ დროისათვის ქაქუთი-ლეღვას ტერიტორიაზე ფიქსირდება 15 მეწყრული მოვლენა, რომელთაგან 13 უკვე შესწავლილია. როგორც გეოლოგიის სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია აცხადებს  არცერთ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ შეინიშნება, თუმცა სპეციალისტების შეფასების საფუძველზე ორმა ოჯახმა დროებით უნდა დატოვოს საცხოვრებელი სახლები, რადგან  შენობებს გვერდით არსებული ფერდობებიდან  მეწყრული მოვლენების განვითარების საშიშროება ექმნებათ. უახლოეს დღეებში მოხდება ამ ფერდობების რკინა-ბეტონის კედლით გამაგრება, რის შემდეგაც  ოჯახები დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში.

უკვე შესწავლილია სოფელ წყავროკის 6  და ჭახათის 5 ოჯახი, ყველა ლოკაციის შესწავლა კვირის ბოლომდე დასრულდება. ძირითადად დაფიქსირებულია ნაპრალები და ნახეთქები საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე რამდენიმე მეტრის სიგანეზე მიწის 1 მეტრომდე სიმაღლეზე დაწევა.  რამდენიმე ადგილას მეწყრულმა მოვლენებმა გამოიწვია შიდა სასოფლო გზების ჩაკეტვა, თუმცა, გზებისა და სამელიორაციო სამსახურის მიერ შუადღისას გადაადგილება ყველა სოფლის მიმართულებით უკვე აღდგენილი  იყო.  ძირათადი პრობლემები აჭყვისთავსა და ალამბრის ტრიტორიაზე აღინიშნება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობას  უწყვეტად მიეწოდება  წყალი და  ბუნებრივი აირი.  დღის განმავლობაში  ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ჰქონდა  20 აბონენტს სოფელ ლეღვაში. დაზიანებული ტრანსფორმატორის აღდგენას დღის ბოლომდე ვარაუდობენ.

შესაბამისი ტექნიკით გადაირეცხა სტიქიის შედეგად დატბორილი სკოლები და საბავშვო ბაღები. შუადღისთვის უკვე  ჩატარებული იყო სადეზინფექციო სამუშაოები. სასწავლო პროცესი ორშაბათიდან  სრულად აღდგება . 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე