„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ცნობილი ეკონომისტი სიმეონ ჯანკოვი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 16:36 | 09.10.2015
ნანახია: 1753

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ასევე მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ბულგარეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, სიმეონ ჯანკოვი ეწვევა.

სიმეონ ჯანკოვი 15 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს პანელში „აბრეშუმის გზის აღორძინება - ახალი შესაძლებლობები სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“, როგორც პანელის მოდერატორი.

სიმეონ ჯანკოვი 2009-2013 წლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი იყო. ამ თანამდებობებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, იგი წარმოადგენდა ბულგარეთს ბრიუსელში ევროპის ფინანსთა მინისტრების შეხვედრებზე. მთავრობაში დანიშვნამდე, ის 14 წლის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიო ბანკში უფროსი ეკონომისტისა და კერძო სექტორის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. მსოფლიო ბანკში მისი მუშაობის მიმართულებები იყო ჩრდილოეთ აფრიკაში რეგიონალური სავაჭრო შეთანხმებები, გარდამავალ ეკონომიკებში საწარმოთა რესტრუქტურიზაცია და პრივატიზება, აღმოსავლეთ აზიაში კორპორაციული მმართველობა და საკანონმდებლო ცვლილებები მთელ მსოფლიოში.

სიმეონ ჯანკოვი მსოფლიო ბანკის რეიტინგის - Doing Business -ის თანაავტორია, საქმიანობას ეწევა ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში. მას ეკუთვნის ისეთი ნაშრომი, როგორიცაა „ევროპის კრიზისი შიგნიდან: თვითმხილველის ანგარიში“ (2014), ასევე „დიდებული გარდასახვა: კაპიტალიზმის კომუნიზმზე გამარჯვების გაკვეთილების“ თანარედაქტორია.

2013-2015 წლებში ს. ჯანკოვი მოსკოვის ახალი ეკონომიკური სკოლის რექტორი იყო, 2004-2009 წლებში - „შედარებითი ეკონომიკის ჟურნალის“ რედაქტორი, ხოლო 2012-2013 წლებში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სიმეონ ჯანკოვი ასევე არის მსოფლიო ბანკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, გამოცემული აქვს 70-ზე მეტი სტატია პროფესიულ ჟურნალებში.

დოქტორის ხარისხი სიმეონ ჯანკოვს მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ 1997 წელს მიენიჭა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე