მეუფე გრიგოლი: კრებაზე არ წასვლით გავაძლიერებთ ეჭვებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიის ორბიტაზე რჩება

საქართველო, თბილისი - 15:11 | 12.06.2016
ნანახია: 1686

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას კუნძულ კრეტაზე, წმინდა კრებაში მონაწილეობზე უარის თქმის შესახებ, ყველა მღვდელმთავრი არ იზიარებს.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა, 10 ივნისს მიდა სინოდის სხდომაზე წარმოთქვა სიტყვა, რომლითაც  დიდ და წმიდა კრებაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის გამგზავრებას დაუჭირა მხარი.

მისი თქმით, კრებაზე არ წასვლით გავაძლიერებთ საზოგადოებაში ისედაც არსებულ ეჭვებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიის ორბიტაზე რჩება.

გთავაზობთ მეუფე გრიგოლის სიტყვას, რომელსაც ”ტაბულა” აქვეყნებს:

”თუ საქართველოს ეკლესია უარს იტყვის ამ შეკრებაში მონაწილეობაზე, ასეთ შემთხვევაში რა შედეგს ველით? კრება ჩაიშლება, და თავს დავაღწევთ უხერხულ მდგომარეობას? – მე ასე არ მგონია; კრებაზე არ წასვლით კი ჩვენ გავაძლიერებთ საზოგადოებაში ისედაც არსებულ ეჭვებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიის ორბიტაზე რჩება და ამას, ჩვენი ქვეყნისთვის, ეკლესიისთვის სავარაუდოდ ექნება შესაბამისი შედეგებიც, რაც არ იქნება კარგი. აქ ასევე ითქვა, რომ დიდ და წმიდა კრებაზე დასწრების შემთხვევაში, ქართული დელეგაცია ვერ შეძლებს თავისი პოზიციების დაცვას. დიახ, თუ ჩვენი პოზიციები საფუძვლიან თეოლოგიურ არგუმენტებს მოკლებულია, არა თუ მის დაცვას ვერ შევძლებთ, არამედ შესაძლოა უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოვჩნდეთ. მაგრამ თუ დარწმუნებულნი ვართ წმიდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში და თანაც საამისოდ მყარი და უტყუარი საფუძველი გავქვს, რა დაგვიდგება წინ, რატომ ვაცხადებთ უარს წასვლასა და ქართული ეკლესიის მიერ გაცხადებული პოზიციების დაცვაზე იქ, ძმათა შორის, სადაც ამას განსაკუთრებული მნისვნელობა ენიჭება?! ეს ხომ იქნება ჭეშმარიტების დამოწმება, რაც წინა სხდომაზე მოვისმინეთ?! სად გაქრა ჩვენი ოპტიმიზმი?! [..] დიდ და წმიდა კრებაზე საქართველოს წარმომადგენელმა უნდა ისაუბროს აუცილებლად ქართულ ენაზე; სამწუხაროდ ჩვენ დღემდე აღვიქვამენ, როგორც რუსული სააზროვნო სივრცის წარმომადგენლებს და შესაბამისად – როგორც რუსეთის ეკლესიის სატელიტს. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა ჩვენი ეკლესიისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ”.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე