„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ცნობილი ჟურნალისტი სუმნიმა უდასი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 09.10.2015
ნანახია: 1766

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ასევე მსოფლიოში ცნობილი ჟურნალისტი, CNN-ის დელის კორესპონდენტი სუმნიმა უდასი ეწვევა.

სუმნიმა უდასი 16 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს პანელში „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება“ როგორც პანელის მოდერატორი.

სუმნიმა უდასი CNN-ის კორესპონდენტია დელიში. უდასის მოვალეობაში შედის ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, გარემოს დაცვის და ზოგადად საინტერესო ახალი ამბების გაშუქება. ის ასევე უძღვება გადაცემას „აბრეშუმის გზა: წარსული, აწმყო, მომავალი“. უდასის მიერ ამ ბოლო დროს გაშუქდა ისეთი თემები, როგორიცაა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ისტორიული ვიზიტი ინდოეთში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდა მოდის ვიზიტი შეერთებულ შტატებში, 2015 წლის შრი-ლანკას არჩევნები და პაპის ვიზიტი კუნძულების სახელმწიფოებში. უდასმა ასევე გააშუქა 2014 წლის ინდოეთის საყოველთაო არჩევნები.

სუმნიმა უდასი აღიარებულ იქნა სხვადასხვა პრესტიჟული ფორუმების მიერ მისი ძალზე მნიშვნელოვანი რეპორტაჟებისთვის გენდერულ საკითხებზე. მას მიენიჭა ჯილდო "წლის ჟურნალისტი" ქალთა გაძლიერების (WE) ჟურნალისტთა დაჯილდოებაზე 2014 წელს და „სამხრეთ აზიის ან მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სამხრეთ აზიელების დიასპორის ამბების ბრწყინვალე მულტიმედიური გაშუქებისთვის" სამხრეთ აზიის ჟურნალისტთა ასოციაციის დაჯილდოებაზე 2014 წელს. უდასი იმ გუნდის წევრი იყო, რომელსაც 2012 წელს კინემატოგრაფიის ოქროს არწივის დაჯილდოებაზე გადაეცა ჯილდო ინდოეთის სოფლებში მონობის ფაქტების შესახებ რეპორტაჟებისთვის, რაც CNN-ის თავისუფლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

უდასმა CNN-თან თანამშრომლობა ნიუ-იორკში 2001 წელს დაიწყო საინფორმაციო ასისტენტის თანამდებობაზე. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი, რომელიც სამაუწყებლო ჟურნალისტიკისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე სწავლის წარჩინებით დასრულების შემდეგ მიენიჭა ვაშინგტონისა და ლიის უნივერსიტეტში (ვირჯინია, აშშ). უდასმა სწავლა განაგრძო მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამედროვე ისტორიის ფაკულტეტზე. მან სრულყოფილად იცის ინგლისური, ჰინდუ, ურდო, ნეპალური და ფრანგული ენები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე