ბათუმის ახალ ბულვარში 40 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველო, თბილისი - 16:16 | 10.06.2016
ნანახია: 1273

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. არჩილ ხაბაძემ მედიის წარმომადგენლებს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტის დაწყების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ახალ ბულვარში არანაკლებ 40 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ბულვარის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი (32 249 კვ.მ) პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე 5 მლნ იქნა გატანილი და ვაჭრობის შედეგად დაახლოებით 100% იანი ფასნამატით, 9,3 მლნ ლარად შპს „ორბი ჯგუფ მილენიუმმა" შეიძინა. აუქციონის პირობების მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 350 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება.

„ორბის" პროექტის მიხედვით ასევე საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, მათ შორის არანაკლებ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღია ტიპის საცურაო აუზი, ასევე დახურული ტიპის აუზი, სარეკრეაციო ზონა, ღია სათამაშო მოედნები და სხვა ობიექტები მოეწყობა. პროექტი არანაკლებ 300 მოქალაქის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 4 წელში დასრულდება. „ჩვენი მთავრობის პირორბებში ახალ ბულვარში არაერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება და ამ ტერიტორიაზე ნამდვილი საინვესტიციო ბუმია. ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტების საპრივატიზებო ღირებულება ჯამში დაახლოებით 21,1 მლნ ლარია, საიდანაც ჩვენ 520 მლნ ლარის ინვესტიციას ველოდებით, აქედან 100 მილიონი ლარი კი უკვე განხორციელებულია" - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ სასტუმრო სექტორის განვითარების და სამუშაო ადგილების ზრდის ტენდენციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „რეგიონისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება".





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე