The Telegraph-ი: თურქეთის ტურიზმს დამანგრეველი შედეგები ელოდება

საქართველო, თბილისი - 12:38 | 10.06.2016
ნანახია: 1945

თურქეთში ტურიზმის ინდუსტრიას დამანგრეველი შედეგები ელოდება. ამის შესახებ The Telegraph-ი ტურიზმის მსოფლიო საბჭოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ამის მიზეზი კი რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან ტურისტების ნაკადის შემცირებაა. ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ამ სამ ქვეყანაზე მოდიოდა, სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად 36 მლნ ტურისტიდან 12 მლნ აღნიშნული ქვეყნებიდან იყო.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თურქეთის ტურისტულ სფეროში შექმნილი ვითარება გართულებულია ტერორისტული საფრთხისა და სირიის ომის გამო.

ტერორისტული საფრთხის გამო ტურისტების რაოდენობა შემცირდა სხვა ქვეყნებშიც - საფრანგეთში, საბერძნეთში, ეგვიპტესა და ტუნისში.

მედიის მონაცემებით, თურქეთის საკურორტო ქალაქებში ტურისტების ნაკლებობის გამო იხურება სასტუმროების უმეტესობა, ადგილობრივები კი სამუშაოს გარეშე რჩებიან. ანტალიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, ბოლო 10 წლის განმავლობაში ტურისტების ნაკადის შემცირების უდიდესი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე