ნადეჟდა სავჩენკო მზადაა ითანამშრომლოს რუსეთის ოპოზიციასთან

საქართველო, თბილისი - 12:23 | 10.06.2016
ნანახია: 1549

უკრაინელი სამხედრო მფრინავი, რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო აცხადებს, რომ მზად არის, რუსულ ოპოზიციასთან ითანამშროლოს. ამის შესახებ ნადეჟდა სავჩენკომ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის ვერ ხედავს რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივას კრემლში ხელისუფლების შეცვლამდე.

“მე ვხედავ, რომ ადამიანები მარადიულები არ არიან ისევე, როგორც პრეზიდენტები. მე რუსეთში სხვა პრეზიდენტს, სხვა პოლიტიკას ვხედავ. მე ვხედავ რუსებს, რომლების იმუშავებენ საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. მათ ჰყავთ ასეთი ადამიანები. ეს არის მათი ოპოზიცია. მე ვხედავ, რომ მათთან მომავალში თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება. თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში, რამდენ ხანსაც არ უნდა გასტანოს მან, ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია”, - განაცხადა სავჩენკომ.

ინტერვიუში სავჩენკომ ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს არ ჰქონდა სხვა გზა, გარდა მისი შეწყალებისა, რადგან “თუ ის ამას არ გააკეთებდა და მე ციხეში მოვკვდებოდი, მთელი საერთაშორისო საზოგადოება საბოლოოდ გაიგებდა, რა არის რუსეთი”.

ნადეჟდა სავჩენკო ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დასრულება ხვალვე იქნება შესაძლებელი, თუ ამისათვის ორივე მხარის თანხმობა იქნება.

“ჯერჯერობით არის ორივე მხრიდან ხალხის სურვილი, რიგითი ადამიანების, თუმცა არ არის პოლიტიკური ნება. როგორც კი ორივე მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება, კონფლიქტის დასრულება ერთ დღეში იქნება შესაძლებელი” , - აღნიშნა სავჩენკომ. თუმცა უკრაინელი მფრინავის თქმით, რუსეთისთვის უკრაინაში ომი მომგებიანია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე