"უსაქმური და უინტელექტო ხალხი! სალომე ეთერში სილამაზის სტანდარტების დასამკვიდრებლად არ ზის"

საქართველო, თბილისი - 16:52 | 09.06.2016
ნანახია: 1825

ჟურნალისტი სალომე ასათიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, მომღერალ ირმა სოხაძის ქალიშვილია. როგორც ქალბატონი ირმა, ჟურნალ სარკესთან ინტერვიუში ამბობს, მისი შვილი მაღალი დონის პროფესიონალია და ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ეს ინტერვიუ მათ ოჯახს სჯანდალში გახვევდა.

ირმა სოხაძე: სალომეს კონკრეტულად ვინ დაურეკა, არ ვიცი, მაგრამ ინიციატივა ბატონი ბიძინასგან წამოვიდა. მას დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. ამ ადამიანს სალომეც დიდ პატივს სცემს, მაგრამ მისი ჟურნალისტური ფუნქცია სულ სხვაა. სამწუხაროდ, იმ დღეს გარკვეული კომუნიკაციური გაუგებრობა შეიქმნა... მინდა გითხრათ, რომ ბატონმა ბიძინამ თავად მოისურვა სალომეს საავტორო გადაცემაში მისვლა. აქედან გამომდინარე, შეკითხვების სიმწვავე მისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან გადაცემა მწვავე ფორმატის არის... გული მწყდება, რომ ბატონმა ბიძინამ არ გამოიყენა საშუალება, ბევრი მწვავე საკითხისთვის მეტი სინათლე მოეფინა.

- საზოგადოებაშიც განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ამ გადაცემას. ზოგი ჩარჩოებს გასცდა და ჟურნალისტის გარეგნობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ საქციელმა საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა და წარმომიდგენია, დედისთვის ამის მოსმენა როგორი იქნებოდა.

- ეს არის უსინდისო, უსაქმური და უინტელექტო ხალხი! ამ სიტყვების ხმარებისთვის სიტყვა "მაპატიე"-საც არ გეუბნებით. მათ მხოლოდ დეგენერატები და გონებრივად ჩამორჩენილები შემიძლია ვუწოდო, სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედა ვარ. სალომემ ფეისბუკზე სტატუსიც დაწერა, რომ რამდენიმე წლის წინ მას ბადურა ჩამოეშალა. სალომე არის ფანტასტიკური გოგო! არ ვიცი, რა ტვინში უნდა დაიბადოს აზრი, ადამიანს უთხრა, ელამი ხარ და ჩადრი ჩამოიფარეო. სალომე ეთერში სილამაზის სტანდარტების დასამკვიდრებლად არ ზის, ის უმაღლესი რანგის ჟურნალისტია და იმდენად კარგად აკეთებს თავის საქმეს, ბევრს რომ ვერც წარმოუდგენია.

წყარო: ჟურნალი „სარკე“





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე