ფილმმა „ვაზში დაკარგულები“ საერთაშორისო ფესტივალზე ორი პრიზი მიიღო

საქართველო, თბილისი - 11:56 | 08.06.2016
ნანახია: 1904

საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების  სტუდიის ფილმმა  „ვაზში დაკარგულები“, როგორც  საუკეთესო  ნამუშევარმა,  საფრანგეთის  OENOVIDEO-ს საერთაშორისო  ფესტივალზე  ორი პრიზი მიიღო:  ჟიურის მთავარი  პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის და  სპეციალური პრიზი "პეიზაჟი და გარემო" - ქვეყნის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის.

ფილმის ავტორი და პროდიუსერია ქეთევან სადღობელაშვილი.   რეჟისორი - გიორგი მოლოდინაშვილი.

ფესტივალზე სპეციალური პრიზი მიიღო კიდევ ერთმა ქართულმა ფილმმა, რომელიც შალვა ხეცურიანმა და ნანა ჯორჯაძემ გადაიღეს.

საფრანგეთის   OENOVIDEO-ს საერთაშორისო  ფესტივალი  23  წლის ისტორიას ითვლის და  საფრანგეთის  სამხრეთში,  ვაზისა და ღვინის რეგიონებში ტარდება, წელს ფესტივალს  მუსკატის სამშობლომ, ფრონტინიანმა უმასპინძლა. ფესტივალი ვაზისა და  ღვინის შესახებ   გადაღებულ ფილმებს   აერთიანებს.  16 ქვეყნიდან წარმოდგენილი 103 ფილმიდან  28 ფილმი შეირჩა საკონკურსოდ,  ჟიურის თავმჯდომარეობდა  ფილიპ  მუილი,  ცნობილი რეჟისორი,  სცენარისტი და პროდიუსერი.

გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების ცერემონიალი 14 სექტემბერს, პარიზში, ლუქსემბურგის სასახლეში გაიმართება.

„ვაზში დაკარგულები“  OENOVIDE-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე  ქართული კინოფესტივალის „კინოვინოს“  დირექტორატმა  წარადგინა.

2014 წელს „ვაზში დაკარგულები“ ჩინეთის კინოფესტივალზე “Silk Road international Film Festival” მაყურებლის ფავორიტი ფილმი გახდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე