ევროპის საბჭომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ შსს-ს საქმიანობა წარმატებულად შეაფასა

საქართველო, თბილისი - 18:30 | 07.06.2016
ნანახია: 1464

გამოქვეყნდა „ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) საქართველოს მეორე შეფასების რაუნდის ანგარიში", რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრეფიკინგის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები დადებითად შეფასდა. ანგარიში 2012 წლის იანვრიდან 2016 წლის 11 მარტამდე საანგარიშო პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ექსპერტთა ჯგუფმა პოზიტიურად შეაფასა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ევროპული კონვენციის მეორე დამატებით ოქმთან მიერთება და პარტნიორ სახელმწიფოებთან საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება.

ასევე, პოზიტიურად შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ფარგლებში საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის შექმნა და მისი საქმიანობა, რაც საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებით ხაზგასმულია პოლიციის ატაშეების როლი და მნიშვნელობა.

როგორც ანგარიშში აღნიშნულია, საქართველოს ხელისუფლებამ პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, როდესაც 2015 წელს დააარსა შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

ექსპერტთა ჯგუფი დადებითად მიიჩნევს შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისათვის (გამომძიებლები, პროკურორები, მოსამართლეები, ფონდის თანამშრომლები, შრომის ინსპექტორები, სოციალური მუშაკები, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები) ტრეფიკინგის თემაზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების უწყვეტად და სისტემატურად ორგანიზებას, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული საჭიროებების გამოკვლევის საფუძველზე ტარდება.

ანგარიშში ასახულია სტატისტიკური მონაცემები, რაც სამართალდამცველების მხრიდან ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენის ყოველწლიურად მზარდ მაჩვენებელზე მიუთითებს.

ექსპერტთა ჯგუფის მიერ პოზიტიურად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის აჭარის სამმართველოს, ასევე, დამატებით, მობილური და ექსპერტთა ჯგუფების შექმნა, რაც ტრეფიკინგის დანაშაულის პროაქტიული გამოვლენისაკენაა მიმართული.

ექსპერტთა ჯგუფი ხაზგასმით აღნიშნავს, წარმატებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი დახმარების განხორციელების, ტრეფიკიორთა ექსტრადიციისა და საპოლიციო თანამშრომლობის კუთხით.

GRETA დადებითად აფასებს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მათ აქტიურ ჩართულობას ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობასა და ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე