ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყალი მთლიანად ამოტუმბულია

საქართველო, თბილისი - 11:10 | 09.10.2015
ნანახია: 1707

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყალი მთლიანად ამოტუმბულია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამემდე გაგრძელდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში საგანგებო შტაბის სხდომა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე დეტალურად განიხილეს ყველა ის შემთხვევა, რომელიც დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა უბანში და მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით ყველაზე მეტად გელაურის დასახლება დაზიანდა, სადაც ყველა ოჯახის პირველი სართული დაიტბორა.

დილისთვის საცხოვრებელი სახლებიდან წყალი მთლიანად ამოტუმბულია.სპეციალური ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ოცდაერთივე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად დეტალურად განიხილა სოფლებში დაფიქსირებული დაზიანებები. 

„დილიდანვე საგზაო სამსახური დამეწყრილი გზების გაწმენდაზე მუშაობს. ასევე არსებული მდგომარეობის შესასწავლად გავლენ გეოლოგთა ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას და დასკვნენბის დადების შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება. საბედნიეროდ მსხვერპლი და ნგრევა სტიქიას არ მოჰყოლია. მონიტორინგის ჯგუფები იმუშავებს პრობლემების ბოლომდე აღმოფხვრამდე. ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება”, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე