რომან გოცირიძე: ჯავახიშვილმა გამოძიების ხახაში მისცა თავისი წინამორბედი და ფინანსთა სამინისტრო

საქართველო, თბილისი - 17:10 | 21.09.2015
ნანახია: 2453

ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, რომან გოცირიძე საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერში ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ”ნოდარ ჯავახიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე განაცხადა: შარშან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფული ავანსად გაიცემოდა, 4-5 თვე უმოქმედოდ ედოთ ანგარიშებზეო. ვინ დატოვებდა უმოქმედოდ, როცა ლარი უფასურდებოდა. დოლარებში გადაჰყავდათ და ლარს კიდევ უფრო აუფასურებდნენ. საინტერესოა, რას უპასუხებს ფინანანსთა სამინისტრო ამ ბრალდებაზე.”

”პრაიმნიუსჯორჯიამ” აღნიშნულთან დაკავშირებით რომან გოცირიძეს კომენტარი სთხოვა:

”ინფრასტრუქტურის სამინისტროს კვლავ აქვს ჩამორჩენა ხარჯვაზე. თუმცა ეს სჯობს, ვიდრე შარშანდელი ქმედებები, როცა ეს ფული სავალუტო ბაზარას აწვებოდა. ეს იყო გეგმის ქაღალდზე შესრულება. ლარის სწრაფი გაუფასურება ხდებოდა და ფინანსთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრთან იწონებდა თავს - კი, ხარჯვის გეგმას ჩამოვრჩებით, მაგრამ შენობის ყიდვას ვაპირებთ კერძო პირისგან საგადასახადოსთვის და ფულსაც დავხარჯავთო. ეს ხდებოდა შარშან, დეკემბრის ბოლოს, საბიუჯეტო წლის დასასრულს. ეკონომიკური პრობლემები ასე ესმოდათ მაშინ და მგონი - ახლაც. ჯავახიშვილმა, ფაქტობრივად, თავიდან აიცილა მომავალი კრიტიკა და გამოძიების ხახაში მისცა თავისი წინამორბედი და ფინანსთა სამინისტროც. სად იდო 4-5 თვე წინმსწრებად ჩარიცხული ფული?. იქნებ სხვა მიზნებით ტრიალებდა? ან სავალუტო სპეკულაციებში ხომ არ მონაწილეობდა, ან თხილის დამზადებაში?. ეს უკანასკნელი-ხუმრობით. თუმცა რა არის გასაკვირი, როცა შევარდნაძის დროს ეროვნული ბანკის ზუგდიდის საცავიდან ღამით ჩუმათ გამოჰქონდათ ფული, ყიდულობდნენ თხილს, მერე გადაყიდიდნენ ძვირად და ისევ შეჰქონდათ ამონაგები უკან ჩუმად. ერთხელ კოკამ არ მოიტანა წყალი და ხუთი მილიონი ლარი დაკარგეს. მისი მმართველი 12 წელია გამქრალია და არავინ იცის მკვდარია თუ ცოცხალი. ჯავახიშვილს განცხადება ამ ხანგრძლივობის ავანსთან დაკავშირებით აუცილებლად გახდება გამოძიების ინტერესების საგანი”, - განაცხადა ”პრაიმნიუსჯორჯიასთან” საუბარში გოცირიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე