საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონთა პაკეტს ვეტო დაადო

საქართველო, თბილისი - 18:07 | 31.05.2016
ნანახია: 1449

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონთა პაკეტს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით გადაუგზავნა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა განცხადება დღეს პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა.
„ამ კანონპროექტებთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება ჩვენ დავაფიქსირეთ, როგორც კანონების განხილვის პროცესში, ასევე მის მერეც. ჩემი კითხვები ეხებოდა იმას, თუ რამდენად იქნებოდა შესაძლებელი სასამართლოს ფუნქციონირება ამ კანონების მიღების შემდეგ.
ეს კითხვები განვიხილეთ სამოქალაქო საზოგადოებასთნ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ვენეციის კომისიასთან. 
მე მინდა მადლობა ვუთხრა ვენეციის კომისიას, რომ უსწრაფესად, ერთი კვირის ვადაში მოხერხდა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და ნათლად გამოვლინდა, რომ ის რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ასევე ვენეციის კომისიასაც. ვენეციის კომისიისთვის კანონში ჩაწერილი ფორმულირებები მიუღებელი აღმოჩნდა. 
შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ვეტოზე, ანუ მოტივირებულ შენიშვნებზე და ბოლო პერიოდის განმავლობაში, გამომდინარე პრემიერმინისტრის ძალიან კონსტრუქციული პოზიციიდან, ჩვენ მოვახერხეთ და ეს მუშაობა განვახორციელეთ, როგორც თავად ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე უმრავლესობის საკანონმდებლო გუნდთან. 
ამ მუშაობის შედეგად, პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გადაეგზავნება, რომელიც აქამდეც გამოხატავდა ჩვენს კითხვებს - ეს ეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების ქვორუმის საკითხებს, ასევე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ათწლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას. 
ეს შენიშვნები უკვე მომზადებულია და დღეს გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს.
მე იმედი მაქვს, რომ პრემიერმინისტრთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, პარლამენტი ჩვენს პოზიციებს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის" - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე