ჯონი დეპს ქალიშვილი იცავს

საქართველო, თბილისი - 16:26 | 30.05.2016
ნანახია: 1832

ჰოლივუდის მსახიობის  ჯონი დეპის ქალიშვილი ლილი-როუზი მამის დასაცავად გამოვიდა და მისი მეუღლე ემბერ ჰერდი სიცრუეში დაადანაშაულა.

როგორც ცნობილია, ლოს-ანჯელესის სასამართლომ ოჯახური ძალადობის შესახებ ჰერდის სარჩელი განიხილა და დეპს ცოლთან მიახლოება აუკრძალა. ემბერი, რომელმაც დეპი ფილმ ”რომაული დღიურის” გადაღებაზე გაიცნო და მასთან ქორწინებაში 15 თვე გაატარა, ამტკიცებს, რომ ერთობლივი ცხოვრების დროს ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. ჰერდმა სასამართლოში არამხოლოდ განქორწინება, კომპენსაციის გადახდაც მოითხოვა.

დეპის დასაცავად უკვე გამოვიდნენ მისი ყოფილი ცოლები - მსახიობი ვანესა პარადი და მხატვარი ლორი ენი.

ახლა კი მსახიობის დასაცავად ხმა მისმა 17 წლის ქალიშვილმაც აიმაღლა. ინსტაგრამზე ლილი-როუზმა გამოაქვეყნა თავისი ბავშვობის ფოტოსურათი, რომელზეც მამასთან ერთად არის აღბეჭდილი. ”ყველაზე საყვარელი და კეთილი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობდი. ის იყო სხვა არავინ, თუ არა საოცარი მამა ჩემთვის და ჩემი უმცროსი ძმისთვის, და ნებისმიერი ვინც მას იცნობდა, იგივეს იტყვის”, -წერს გოგონა.

ლილი-როუზი დეპისა და პარადის უფროსი შვილია. მისი მშობლები ერთმანეთს 2012 წელს გაშორდნენ, თუმცა დღემდე მეგობრობენ.

მანამდე პრესაში გამოქვეყნდა პარადის წერილი, სადაც მსახიობი თავის ყოფილ ქმარს იცავს: ”მთელი იმ წლების განმავლობაში, როდესაც ჯონის ვიცნობდი, არასდროს გამოუვლენია ჩემს მიმართ ფიზიკური ძალადობა. ეს სრულიად არათავსებადია იმ ადამიანთან, რომელთანაც 14 მშვენიერი წელი გავატარე”, - წერს ვანესა პარადი.  

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე