„თიბისი გალერეაში“ სალომე ბენიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:24 | 08.10.2015
ნანახია: 2128

9 ოქტომბერს,19:00 საათზე, "თიბისი გალერეაში", გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“  მკითხველს ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი ავტორის, სალომე ბენიძის პროზაულ კრებულს - ქალაქი წყალზე წარუდგენს.

წიგნი ერთი ქალაქისა და შვიდი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ამბები ერთმანეთს მისტიკური ძაფებით უკავშირდება. წიგნის მთავარი გმირები უცნაური უნარებით დაჯილდოებული, არაჩვეულებრივი გოგოები არიან, რომლებსაც უყვართ, რომლებიც იბრძვიან და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ იმარჯვებენ, მაინც გვარწმუნებენ, რომ ვისაც საკუთარი თავის სჯერა, ის ბედნიერებას აუცილებლად დაიმსახურებს. „ქალაქი წყალზეარის წიგნი ცხოვრების თავიდან დაწყების, ტკივილის, დავიწყებისა და დიდი სიხარულის შესახებ, სადაც ყველა ადამიანური შიში და იმედია თავმოყრილი.

წიგნის გარეკანისა და ილუსტრაციების ავტორია მხატვარი - თათია ნადარეიშვილი.

სალომე ბენიძე ლიტერატურული პრემია -„ საბას“ ლაურეატი 2012 წელს გახდა. წლის საუკეთესო დებიუტანტის ნომინაციაში, ავტორმა პრიზი ლექსების კრებულისთვის - „მოხსენებითი ბარათი“ მიიღო.

 პროზაული კრებული - ქალაქი წყალზე 9 ოქტომბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, წიგნების მაღაზიებში გაიყიდება, კრებულის ელექტრონული ვერსია კი, saba.com.ge-ზე განთავსდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე