გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელშიც დაცულია თითოეული ადამიანის თავისუფლება

საქართველო, თბილისი - 13:44 | 26.05.2016
ნანახია: 1300

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების სამხედრო ფიცი საქართველოს პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.

 

უმაღლესმა მთავარსარდალმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზ და ოს ხალხს და ემიგრანტებს მიულოცა.

 

„თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. ეს დღე, მე მინდა, მივულოცო, ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მე მინდა ეს დღე მივულოცო საქართველოს მილიონობით მხარდამჭერს მთელს მსოფლიოში და ჩვენს მეგობრებს. მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს.

უპირველესად, მინდა მივულოცო ჩვენს თანამებრძოლებს-საქართველოს ჯარს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც ისინი ემსახურებიან სამშობლოს.

მინდა მივულოცო ჩვენს მოკავშირეებს, რომლებიც დღეს აქ, თავისუფლების მოედანზე ამაყად დგანან ჩვენთან და იცავენ ჩვენ საერთო - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეალებს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც სიცოცხლე გასწირა ამ მშვენიერი დღისათვის. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ, შეეწირა ოკუპაციას სოფელ ხურჩაში. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, როგორ იდგებოდნენ ისინი ჩვენთან ერთად და როგორ იზეიმებდნენ დღევანდელ დღეს და მომავალ ჩვენს გამარჯვებებს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ, 25 წლის წინ,  ჩვენი თანამებრძოლები, მთელ ერთან ერთად, როგორ გავერთიანდით ეროვნულ მოძრაობაში და მივაღწიეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ ბრძოლის ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია.

25 წლის წინ, ჩვენ დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ.

თავისუფლებისკენ სვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევქმნათ თავისუფალი ადამიანების მიერ შექმნილი თავისუფალი საზოგადოება.

 თავისუფალი ადამიანი არა მარტო თავად არის თავისუფალი, არამედ იცავს და პატივს ცემს სხვათა თავისუფლებასაც. ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ ჩვენ!

 ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელშიც დაცულია თითოეული ადამიანის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ტრადიციები და ეს არის ჩვენი ღირებულებები.

 სწორედ ამიტომ, ამ სულისკვეთებით, წლევანდელი წელი, დამოუკიდებლობის 25-ე წელი, მე „ევროპული სახელმწიფოს“ წლად გამოვაცხადე, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული ევროპელობა, ჩვენ სახელმწიფოებრიობაში სწორედ ამ წელს უნდა გადავიტანოთ.

 წელს ჩვენ კიდევ გადავდგამთ მტკიცე ნაბიჯებს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.

 დღეს, აქ თქვენთან ვდგევარ და ვზეიმობ ამ მშვენიერ დღეს და ვხედავ იმ გამარჯვებებს, რომლებშიც ჩვენ ერთად ვიქნებით. იმ გამარჯვებებს, რომლებსაც ჩვენ მივაღწევთ, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თანამედროვე ერი.

 ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“ - მიმართა საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს.

 თავისუფლების მოედანზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქრათველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისას დაღუპულთა ხსოვნას.

დღეს ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის 432-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის პარალელურად, საქართველოს ხუთ რეგიონში - კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში გაიმართა.

თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, სამხედრო ორკესტრების მსვლელობა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული სამხედრო ორკესტრი, აშშ-ს საჰაერო ძალებისა და დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო - სადესანტო პოლკის ორკესტრები.

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, სტუმრებმა თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე