სახელმწიფო „თელასის“ 25 %-ის გასხვისების საკითხს არ განიხილავს

საქართველო, თბილისი - 14:50 | 08.10.2015
ნანახია: 1754

 

სახელმწიფო „თელასის“ 25 %-ის გასხვისების საკითხს არ განიხილავს. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, საქართველოში „ინტერ რაოს“ წარმომადგენლებთან გამართულ საჯარო შეხვედრისას ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხელისუფლებაში „თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის გასხვისების საკითხი არ განხილულა.

„წილის გასხვისებას რაც შეეხება, გულწრფელად გეტყვთ, ამაზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა თუ დადგება დღისწესრიგში აღნიშნული საკითხი, ეს ცნობილი იქნება ყველასთვის. თუმცა თუ გადაწყვეტილება ოდესმე იქნება მიღებული, ცხადია შეთავაზება „ინტერ რაოსთვისაც“ იქნება გაკეთებული და ნებიერ დაინტერესებულ ინვესტორს შეეძლება ამ პროცესებში მონაწილეობა. თუმცა დღეს აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას“- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „თელასის“ 75 %-ის რუსული კომპანია „ინტერ რაო“ ფლობს, ხოლო 25 %-ი კი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება.

სს „თელასი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას და გასაღებას.

კომპანიის საქმიანობის ძირითადი სახეობებია: ელექტროენერგიის შესყიდვა და გაყიდვა; ელექტრული ქსელების მომსახურება და ექსპლუატაცია; ელექტროენერგიის სატრანზიტო მომსახურება; აბონენტთა ტექნიკური მომსახურება; ქ. თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის ადმინისტრირება.

სს „თელასი“ ემსახურება საქართველოს დედაქალაქს. თბილისში ელექტროენერგიის წლიური მოხმარება შეადგენს დაახლოებით 2 მლრდ კვტ/სთ.

კომპანია ემსახურება 524,5 ათას აბონენტზე მეტს. მომხმარებელთა მომსახურება და ელექტრული ქსელების ექსპლუატაცია ხორციელდება 10 ბიზნეს ცენტრში, რომლებიც განთავსებულია ქალაქის ყველა ადმინისტრაციულ რაიონში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე