უჩა ნანუაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს

საქართველო, თბილისი - 16:47 | 24.05.2016
ნანახია: 1459

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, მის გადადგომასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ომბუდსმენი ყველა ადამიანის უფლებას თანაბრად იცავს.

„ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა,ეს აზრი სასურველია, იყოს ფაქტებით გამყარებული. რატომ არის ჩვენი საქმიანობა ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენ ვიცავთ ყველა ჯგუფის და ყველა ადამიანის უფლებას. ბრალდებები არის უსაფუძვლო. პირიქით, სამწუხაროდ, ის ადამიანები აკეთებენ განცხადებებს, რომლებსიც ჩვენს ანგარიშს არ იცნობენ",- აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის ოფისთან ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს, უჩა ნანუაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. მათი განცხადებით, სახალხო დამცველი დღეს უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მოთხოვნებს ასრულებს, რათა საქართველო რელიგიური დაპირისპირებების ქარცეცხლში გაეხვიოს.

აღნიშნული არასამთავრობოები მიჩნევენ, რომ ომბუდსმენი მხოლოდ ლგბტ-ების უფლებას იცავს და არაფერს ამბობს იმაზე, რაც მოხდა საპატრიარქოს კედლების შეღებვისას. 

არასამთავრობოებმა 2015 წლის სახალხო დამცველის ანგარიშიც გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველი ბავშვებს ტაძრებში შესვლას, სანთლის დანთებას და ლოცვის უკრძალავს.

აქციაში მონაწილეობდა "უფლებადამცველთა გაერთიანება“, „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა", "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია", "სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო", "საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების კავშირი" "საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანება”, „დაიცავი შენი უფლებები” და „საზგადოებრივი გაერთიანება სამართლიანობისთვის“ .

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე