საქართველოში პირველი რადიომაუწყებლობიდან 91 წელი შესრულდა

საქართველო, თბილისი - 12:28 | 23.05.2016
ნანახია: 1434

საქართველოში პირველი რადიომაუწყებლობიდან 91 წელი სრულდება. 1925 წლის 23 მაისს, ანუ ზუსტად 91 წლის წინ, თბილისში. ინფორმაცია ნახევრად კუსტარული რადიოსატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, რომელიც აწყობილი იყო უცხოური რადიოსატელეგრაფო გადამცემის APS-78-ისბაზაზე. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამაუწყებლო გადამცემი, რომელიც  დღეში 1-2 საათი მუშაობდა.

რადიოსადგურის პირველი დამმონტაჟებლები და თანამშრომლები იყვნენ: ს.თოფურია, დ.ხმიადაშვილი,  ი. ძაგნიძე,რ.ლიპარტელიანი, გ.ინჯია და სხვანი.

საქართველოში პირველი რადიოსტუდია მოეწყო რადიოგადამცემი სადგურის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში 12 კვ.მ.ფართობზე. რადიოგადაცემებში მონაწილეები ახალ ამბებს და სტატიებს უშუალოდ გაზეთებიდან კითხულობდნენ, ატარებდნენ ტექნიკური სახის კონსულტაციებს რადიოპროგრამების მიღების შესახებ. გადამცემი სადგურის მოქმედების ზონა 25-30 კმ.რადიუსი იყო.

1927 წელს იმავე ტერიტორიაზე დამონტაჟდა რადიოსამაუწყებლო სადგური ”მდ-400”. რადიოსტუდია 90 კვ.მ ფართობზე  იყოგანთავსებული სასტუმრო ”თბილისის” შენობაში და საჰაერო კავშირით დაკავშირებული იყო გადამცემ სადგურთან. რადიოსადგური მუშაობდა 870 მეტრი სიგრძის ტალღაზე (დაახლ. 344,8 კჰც). რადიომაუწყებლობის პირველი ხელმძღვანელი იყო ი.გედევანიშვილი, ხოლო პირველი მუსიკალური ხელმძღვანელი, რ. კილაძე.

1927 წლის იანვრის  მეორე ნახევრიდან გადაცემათა პროგრამა იბეჭდებოდა გაზეთებში.

რადიოგადაცემაში მიკროფონთან პირველი გამოვიდა მომღერალი დ. ბადრიძე.

1928  წლის ბოლოსათვის ქ.თბილისში, კიროვის ქუჩაზე მოეწყო ახალი რადიოსამუწყებლო სტუდია.

1929  წელს არსებულ რადიოგადამცემს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და  რეგულარული რადიოგადაცემები 1070 მ. ტალღაზედაიწყო.

1932  წელს არსებული რადიოსადგურის ბაზაზე  მძლავრი (35 კვტ.) სამაუწყებლო გადამცემი სადგური დამონტაჟდა.

მე-20 საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასასრულს  რადიომაუწყებლობის და კავშირგაბმულობის ტექნიკურ საშუალებათა განვითარება დაიწყო. ასევე, შესაბამისი კადრების მომზადება უმაღლეს და საშუალო ტექნიკურ სასწავლებლებშიც გახდაშესაძლებელი: საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში -ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (ენერგეტიკის, შემდგომ ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტებზე), კავშირგაბმულობისა და რადიოტექნიკის ტექნიკუმებში. პირველი პედაგოგები იყვნენ: ზ.თოფურია, ლ.დიდებულიძე, კ.კოტრიკაძე, გ.ინჯია, ი.ძაგნიძე, ვ.ლორთქიფანიძე, ა.ლორთქიფანიძე, დ.ხმიადაშვილი, ლ.გვარჯალაძე, ვ.ჯაფარიძე, გ.ილურიძე, რ.შიმშილაშვილი, ნ.მარიამიძე და სხვები.

1956 წელს ქ.თბილისში შეიქმნა საკავშირო დაუსწრებელი კავშირგაბმულობის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი, რომლის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ლ.გვარჯალაძეს და რ. შიმშილაშვილს. დოცენტი ლ.ვარჯალაძე იყოფილიალის პირველი დირექტორი.  შემდგომ ფილიალის დირექტორი იყო პროფ რ. ქვრივიშვილი.

1955 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ”რადიოტექნიკის” სპეციალობა.  კათედრის გამგე იყო შ.ყვავილაშვილი.

1964  წელს საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში  მოხდა ”რადიოტექნიკის” სპეციალობის პირველი გამოშვება.

1960 წელს მუშაობა დაიწყო საეთერო მაუწყებლობამ მოკლე ტალღათა დიაპაზონში (მეტრული ტალღები).

1966 წელს ქ.თბილისში    დამთავრდა მრავალპროგრამიანი სასტუდიო სამაუწყებლო კომპლექსის მშენებლობა და ექსპლოატაციაში შევიდა მრავალპროგრამიანი ცენტრალური სააპარატო ხუთი მაუწყებელი სტუდიით, ექვსი ხმის ჩამწერისტუდიით და საკომუტაციო სტუდიით. ამავე კომპლექსში შედიოდა სტუდიის გარე გადაცემათა მოძრავი ჩამწერი სადგურები, რამოდენიმე სატრანსლაციო პუნქტი და რადიოსამაუწყებლო სტუდიები: ბათუმში, სოხუმში, ქუთაიში, და ცხინვალში. მოწესრიგდა ტექნიკური ბაზის საგარანტიო ელექტრომომარაგების საკითხი.

1975 წელს თბილისში დაინერგა სტერეომაუწყებლობა და სადენიანი სამპროგრამიანი რადიოსატრანსლაციო  ქსელი ამდროისათვის გადაიცემოდა ორი რადიოსამაუწყებლო პროგრამა და მიმდინარეობდა მაუწყებლობა საზღვარგარეთის პროგრამით 50,6 მ. ტალღაზე, სიმძლავრით 100 კვტ. საქრთველოს პირველი პროგრამა (6 საათის ხანგრძლიობით) გადაიცემოდა  9 რადიოსამაუწყებლო გადამცემით და სადენიანი საქალაქო რადიოსატრანსლაციო ქსელით. პირველი პროგრამა გადაიცემოდაგრძელი, საშუალო, მოკლე და ულტრამოკლე ტალღებით თბილისში, ბათუმში, სოხუმში და ქუთაისში. ასევე, საშუალოტალღოვანი სადგურები.

უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობაში, უმთავრესად ქ.თბილისში, 1990 წლამდე დიდი პოპულარობით სარგებლობდა სადენიანი რადიომაუწყებლობა. ქ.თბილიში და რეგიონებში ფუნქციონირებდა რადიოსამაუწყებლო ქსელები და შესაბამისი კვანძები, რიგ ადგილებში ორი პროგრამით. აბონენტთა საერთო რაოდენობა 300 ათას აბონენტს აღწევდა. შემდგომ პერიოდში მოკლეტალღოვანი  რადიომაუწყებლობის და ტელემაუწყებლობის სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად სადენიანი მაუწყებლობა მორალურად მოძველად და პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა.

ბათუმში, ქუთაისში და სოხუმში მეორე პროგრამას გადასცემდა რადიოსადგური ”თბილისი 288” და ულტრამოკლეტალღოვანი სადგურები თბილიში, ბათუმში, სოხუმში და ქუთაისში. ამავე პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გადაიცემოდა    საკავშირო რადიოს პირველი და რადიოსადგურ ”მაიაკის” პროგრამები.

1975  წელს საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტს შეეძლო შეუფერხებლად მიეღო რესპუბლიკისა და საკავშირო რადიოსპროგრამები. ამ დროისათვის აშენდა მძლავრი რადიოგადამცემი სადგურები გორის რაიონში, რამაც ხელი შეუწყო რადიოპროგრამების მდგრადი მიღების ზონის გაზრდას. ამ დროისათვის რადიოსამაუწყებლო კვანძების რიცხვი ქვეყანაში შეადგენდა 237-ს, ხოლო რადიოწერტილების საერთო რაოდენობა 467 267 -ზე მეტი იყო. რადიოფიცირებული იყო დასახლებული პუნქტების 50%; აშენდა რადიოსახლები ბათუმში, სოხუმში, და ცხინვალში, რამაც ხელი შეუწყო პროგრამების გავრცელებას თითოეულ რეგიონში.

ბოლო წლებში აღარ ფუნქციონირებს დუშეთის გრძელტალღოვანი რადიოსადგური, რომელიც მუშაობდა 1548 მეტრგრძელტალღოვან დიაპაზონში.

საინტერესოა ერთი ისტორია, ცნობილი ქართველი რადიოინჟინრის ზურაბ  თოფურიას (1905-1963) შესახებ. ზ. თოფურიამ 1931წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკული ინსტიტუტი. მისი გამოგონებიდან ცნობილია ე.წ. ”მოდულაციის ხერხი თოფურიას სქემით”. 1940 წლიდან იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც ხელმძღვანელობდა სპეციალური დანიშნულების ტექნიკურ სამუშაოებს.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა ჯარები დაეუფლნენ ბერლინში განლაგებულ რადიოსადგურებს. ეს რადიოსადგურები ჩამოეტანეს მოსკოვში და სწრაფად დაამონტაჟეს.

როგორც კი სპეციალისტებმა რადიოსადგური დაამონტაჟეს , მაშინვე შეუდგნენ რეგულირების სამუშაოების  შესრულებას, მაგრამ შედეგი არ ჩანდა, რადიოსადგური დუმდა. სსრკ-ს ცნობილი სპეციალისტები დღე და ღამე უშედეგოდ უტრიალებდნენ მაშინდელი სტანდარტებით მაღალი გერმანული ტექნოლოგიებით დამზადებულ აპარატურას, მაგრამ ამაოდ.  მაშინ ერთ-ერთ სპეცილისტს გაახსენდა ზურაბ თოფურია და გადაწყვიტეს მისი ამ საქმეში ჩართვა.

ქართველმა ინჟინერმა  ყურადღებით მოუსმინა იმედგადაწურულ სპეციალისტებს,  ანალიზი გაუკეთა მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებს და ბოლოს უთხრა მარტო დაეტოვებინათ რადიოსადგურში, მხოლოდ მიეტანათ ორი-სამი დღის საკვები. ორ დღეში მან ეს სამუშაო შეასრულა.

შემდეგ ზ.თოფურია 9 წლის განმავლობაში იყო სსრკ კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე. 1951 წელს მიენიჭა ლენინურიპრემია. 1958-1962 წლებში მუშაობდა რადიოსიხშირეთა უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1954-1963  წლებში   საკავშირო  ჟურნალ  ”რადიოტექნიკს” პასუხისმგებელი რედაქტორი იყო. დაჯილდოებული  იყო ლენინის, წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლებით.

ამჟამად, საქართველოს ტერიტორიაზე რადიომაუწყებლობას 50-მდე კომპანია ახორციელებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე