საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

საქართველო, თბილისი - 09:49 | 20.05.2016
ნანახია: 1499

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. განცხადებას უწყება საკუთარ გვერდზე ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტით და თანაგრძნობას უცხადებს მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახსა და ახლობლებს. უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტით და თანაუგრძნობს გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ვითარებას და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ფაქტიური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

მომხდართან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება. ასევე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს შორის.

ქართული მხარე გამოიყენებს არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს შესაბამისი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრეცელბულ განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე