პრეზიდენტმა ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველო, თბილისი - 15:08 | 18.05.2016
ნანახია: 1445

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე

ქვეყნის პირველმა პირმა ევროპული სახელმწიფოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, სახელმწიფოს ევროპული სისტემით მოწყობაზე და ქრისტიანულ რელიგიაზე, როგორც ქვეყნის ევროპული მოწყობის ნაწილზე.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ლექციაზე განაცხადა, წელს საქართველოში დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე აღინიშნება და სწორედ ამიტომ წლევანდელი წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოცხადდა. დღეს ქვეყანა დგას იმ გზაზე, რომელსაც დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა ჰქვია.

პრეზიდენტმა არჩევანის თავისუფლებაზეც ისაუბრა და მოქალაქეებს არჩევნებში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად განათლების სისტემას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, პარლამენტის ქუთაისში საქმიანობას, იმერეთის რეგიონის და ქუთაისის განვითარებას შეეხებოდა.

პრეზიდენტის საჯარო ლექციის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების  განმტკიცებისაკენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე