იუსტიციის უმაღლესი საბჭო ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 15:57 | 17.05.2016
ნანახია: 1294

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებრივი ინტერესის და საქმის რეზონანსულობის გათვალისწინებით, რომელიც ე.წ. „კაბელების საქმეს“ მოჰყვა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აუცილებლად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი:
ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრება, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭო ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს. კერძოდ, იუსტიციის საბჭოსთვის გაუგებარია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების „დაუსაბუთებელად“ მიჩნევა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სრული ტექსტი გამოქვეყნებული არ არის და უცნობია რა არგუმენტებს ეყრდნობა იგი. მივიჩნევთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ა/წ 16 მაისს გაკეთებული განცხადებები ხელყოფს საზოგადოების დემოკრატიულ ღირებულებებს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოუწოდებთ დაიცვან საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსი და მისი პრეამბულით გათვალისწინებული პრინციპები.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებულ იმ საჯარო განცხადებებს, რომლითაც ისინი დამამცირებელ ასპექტში მოიხსენიებენ როგორც კონკრეტულ მოსამართლეს, ისე სასამართლო ხელისუფლებას საზოგადოდ. აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტის წევრებს დაიცვან საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსი და იმოქმედონ კონსტიტუციის, კანონებისა და პარლამენტის რეგლამენტის წესების შესაბამისად.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს მისამართით ნებისმიერი მკვეთრი და შეურაცხმყოფელი განცხადება შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლოს დაშინების, ზეწოლის ან, მასზე რაიმე ფორმით გავლენის მოხდენის მცდელობა. ასეთმა განცხადებებმა, შეიძლება ასევე დააზარალოს ზემდგომ, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციებში საქმის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა და მართლმსაჯულების აღსრულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა დაინტერესებულ პირს სთხოვს თავი შეიკავოს სასამართლოს გადაწყვეტილების წინსწრებით, ნაჩქარევი შეფასებებისგან და მით უფრო უსაფუძვლო კრიტიკისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე