პროექტის „Check in Georgia” პრეზენტაცია სტამბოლში

საქართველო, თბილისი - 18:36 | 16.05.2016
ნანახია: 1413

17 მაისს, სტამბოლში, კომპანია „ატლასგლობალ საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური თურქეთის წამყვან ტურ-ოპერატორებს შეხვდებიან და მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის „Check in Georgia” პრეზენტაციას გამართავენ.

შეხვედრის მიზანია, თურქული ტურისტული ბაზრისთვის საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ ფორმით საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაცია.

„ატლასგლობალი საქართველო“ ერთ-ერთი პირველია, რომელიც მთავრობის მიერ ინიცირებულ მასშტაბურ პროექტს “Check In Georgia” შეუერთდა. ამ დროისათვის „Check In Georgia”-ს მხარს უჭერს 20-ზე მეტი კომპანია:ლოიალ კაპიტალ გრუპი, საქართველოს ბანკი, თიბისი, მეტრო, სოკარი, ვისოლი, თეგეტა მოტორსი, VTB ბანკი, ბლექსი ჯგუფი, შილდა, T&R დისტრიბუცია, განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი,    ომეგა, პროგრეს ბანკი, West Invest, ბორჯომი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რუსალოს, გალფი, ატლსაგლობალი, აიჯი მოლი.

შემუშავებულია სპეციალური საპარტნიორო პაკეტები, რომლითაც აქტიურად დაინტერესდა ბიზნეს სექტორი;პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებაზე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოჩინდნენ, როგორც „Check In Georgia“-ს პარტნიორები; მომხმარებელს შესთავაზონ საინტერესო მარკეტინგული ინიციატივები. კომპანიების პოზიციონირება მოხდება დაგეგმილი სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობისას, ამასთან, პროდუქტის მწარმოებელი, თუ მიმწოდებელი კომპანიები ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნებიან საკუთარი პროდუქციით.

ამ ეტაპზე, პროექტს უკვე შემოურთდა 20-ზე მეტი კომპანია და მათი მხრიდან საპარტნიორო პაკეტების სანაცვლოდ მიღებული მთლიანი შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 6 000 000 ლარს. ამასთან, მხოლოდ 3 კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ შეადგინა დაახლოებით 2 მილიონი ლარი.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები ცხადყოფს, ტურისტების მხრიდან დიდია ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ; ბოლო თვის მაჩვენებლებით, უცხოელი მოგზაურების/ტურისტების რიცხვი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით არის გაზრდილი.

„Check In Georgia“ არის კულტურული პროექტი, რომელიც ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს, მოსახლეობას კი, მეტ შემოსავალს მოუტანს.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე