თინათინ ხიდაშელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება

საქართველო, თბილისი - 12:28 | 07.10.2015
ნანახია: 1996

8 ოქტომბერს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მინისტერიალზე დასასწრებად ბელგიის სამეფოში გამთენიისას გაემგზავრა.

თინათინ ხიდაშელი ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს შეხვდება. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის 28+1 ფორმატის სხდომაც.

ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგ, ბრიტანელ, რუმინელ და ბულგარელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. თინათინ ხიდაშელი პოლონელ კოლეგასთან ტომაშ სემონიაკთან  მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გააფორმებს. „ვფიქრობ,უმნიშვნელოვანესი სხდომა იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე ბოლო შეხვედრაა, სადაც შესაძლებლობა გვექნება, რომ ჩვენი არგუმენტები და პოზიციები თავიდან ბოლომდე წარმოვადგინოთ. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი იქნება წარმატებული“, განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტერიალზე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების განხილვის მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულ მოვლენები, სირიასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესები და ავღანეთში გართულებული უსაფრთხოების გარემო იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე