ზაზა ხატიაშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 10.05.2016
ნანახია: 1376

ზაზა ხატიაშვილის ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ბატონო პრემიერო!

2016 წლის 25 მაისს საქართველოდან  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში,   ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში  მოსამართლეობის  კანდიდატთა  წარდგენის ვადა იწურება.

ბატონო პრემიერო! თუ საქართველოს მთავრობის მიერ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში  მოსამართლეობის ერთ-ერთ  კანდიდატად წარდგენილი იქნება  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი  ქალბატონი ევა გოცირიძე, მსურს წინასწარ გაგაფრთხილოთ   საქართველოსთან მიმართებაში მოსალოდნელი ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირებით. 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №623 დადგენილებით დამტკიცდა  „2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი“, რომლის საფუძველზეც  შექმნილი სამთავრობო კომისიის წევრიც მეც, საქართველიოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეც გახლდით. სამთავრობო კომისიამ 20016 წლის 28 თებერვალს შეარჩია 5 კანდიდატი, რომელთაგან  თქვენ მოგიწევთ 3 კანდიდატის წარდგენა   ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთვის. ყველაზე დიდი ხმაური სამოქალაქო სექტორსა და სამთავრობო კომისიაში საუკეთესო 5 კანდიდატს შორის  ქალბატონ ევა გოცირიძის მოხვედრამ გამოიწვია, მაგრამ შედეგების მიხედვით, ქალბატონი ევა გოცირიძე  ბოლო,  მეხუთე ადგილზე გავიდა. ენის გამოცდის დროს, გამსვლელ 5 კანდიდატს შორის, ქალბატონ ევა გოცირიძეს  ჰქონდა ყველაზე დაბალი შეფასება.

ბატონო პრემიერო!  შეგახსენებთ, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი ქალბატონი ევა გოცირიძე გახლდათ გირგვლიანის,  მიქიაშვილის და სხვა მრავალი უკანონობის შემოქმედი იუსტიციის საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის ერთ-ერთი მხარდამჭერი, მის მოსამართლედ გამწესების დროს. ქალბატონმა ევა გოცირიძემ ჩემთან  სატელევიზიო დებატებში აღიარა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ფარულ კენჭისყრამდე ჰქონდა გადაწყვეტილი ლევან მურუსიძის მხარდაჭერა და ეს იცოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ასევე, ევა გოცირიძემ განაცხადა, რომ თუ  იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ხმას არ მისცემდნენ ლევან მურუსიძეს, ვერ მოხერხდებოდა სხვა მოსამართლეების დანიშვნა, რაც არაპირდაპირ, სავარაუდოდ  ადასტურებს  ევა გიცირიძის გარიგებაში მონაწილეობას.

ბატონო პრემიერო,

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მხრიდან არსებობს  რამოდენიმე პრეცედენტი, როდესაც  ასამბლეა  უკან აბრუნებს  წარდგენილ კანდიდატებს. მთავრი კრიტერიუმი რითიც ხელმძღვანელობს ასამბლეა, არის  მოსამართლეობის კანდიდატის  მაღალი მორალური და ზნეობრივი რეპუტაცია, რომელიც,   ჩემი,  როგორც  კომისიის წევრის შეფასებით,  ქალბატონ  ევა გოცირიძეს არ გააჩნია.

ბატონო პრემიერო,

თუ საქართველოს მთავრობა,  მიუხედავად ქალბატონ ევა გოცირიძის მიერ, ხუთ კანდიდატს შორის ბოლო ადგილის დაკავებისა,  მაინც მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას  და  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის ადამიანის უფლაბათა სასმართლოში ასარჩევ ერთ-ერთ კანდიდატად წარუდგენს ქალბატონ ევა გოცირიძეს მინდა გაგაფრთხილოთ, რომ   ქალბატონი ევა გოცირიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიერ არ იქნება არჩეული და საქართველოს ხელისუფლება სამარცხვინო ვითარებაში აღმოჩნდება.  ვინაიდან,  მე, ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  და   სამთავრობო  კომისიის წევრი, სტარსბურგში, ევროპის საბჭოს შენობის წინ დავიწყებ შიმშილობას.

ბატონო პრემიერო !

ჩემი ცნობადობის გათვალისწინებით შევხვდები ყველა პირველი პირს, სტარსბურგში  გავმართავ პრესკონფერენციას, რაც საკამოდ დააზარალებს საქართველოს იმიჯს.

ბატონო პრემიერო,  მე არ მინდა საქართველოს იმიჯისთვის ზიანის მიყენება, ამიტომ გთხოვთ,  არ მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მოგიწოდებთ,  მიიღეთ ზნეობრივი, სამართლიანი გადაწყვეტილება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას,  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში  დასანიშნად წარუდგინეთ ის 3 კანდიდატი,  ვინც  სამთავრობო  კომისიის შეფასებით პირველი სამი ადგილი დაიკავა", - ნათქვამია ღია წერილში.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე