გოდერძი ჩოხელის „ბედისწერის თეატრი“ ახმეტელის თეატრის სცენაზე

საქართველო, თბილისი - 11:41 | 07.10.2015
ნანახია: 4628

გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას კარგად იცნობს ქართველი საზოგადოება. მისი კინო და ლიტერატურული გმირები დიდი ხანია შეიყვარა მაყურებელმა და მკითხველმა. თუმცა, დღემდე მწერლის არც ერთი ნაწარმოები ქართულ თეატრში არ დადგმულა და ამჯერად ახმეტელის თეტრმა პირველმა სცადა ჩოხელის ესთეტიკის დამკვიდრება ქართულ სცენაზე. თეატრალური ხელოვნების საფუძველი დრამატურგიაა და სწორედ მწერლის კინომოთხრობების სტილისტიკის გამო რთულდებოდა და ვერ ხერხდებოდა მისი მოთხრობების ინსცენირება, თავად გოდერძი ჩოხელს თურმე არაერთხელ უთქვამს უარი, ჩემი მოთხრობების ადგილს სცენაზე ვერ ვხედავო.

„ბედისწერის თეატრი“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის ინსცენირების ავტორია საბა მეტრეველი. ეს მისი მეორე ნამუშევარია ახმეტელის თეატრში. გასულ სეზონში თეატრმა დადგა „მოძღვრის აღსარება“, რომლის კომპოზიციაც მას ეკუთვნის.

„ბედისწერის თეატრი“ გოდერძი ჩოხელის მოთხრობებისგან აკინძული უჩვეულო და ამაღელვებელი სპექტაკლია. მაყურებელი სულშეძრული და სულგანაბული უსმენს ჩოხელის სევდიან და გულწრფელ ნაამბობს, მერე თვალცრემლიანი და სულიერად ამაღლებული ტოვებს წარმოდგენას. როგორც ინსცენირების ავტორმა გვითხრა, ამისთვის ღირდა ის ღელვა, ნერვიულობა და უძლო ღამეები, რომლებიც წინ უსწრებდა პრემიერას.

სპექტაკლის რეჟისორები არიან ირაკლი გოგია და ლაშა გოგნიაშვილი, როლებს ასრულებენ: გვანცა კანდელაკი, გიორგი ცხადაძე მზია ტალიაშვილი, ნელი ბადალაშვილი, გია ჯაფარიძე, მამუკა მაზავრიშვილი, ლიკა ქუთათელაძე, ნინო ციმაკურიძე, თამთა პატაშური, თამარ ბეჟუაშვილი, ჯაბა ჯაფარიძე, ბექნუ ქაფიანიძე და სხვები.

ახმეტელის თეატრში გრძელდება საპრემიერო ჩვენება. ქართველ მაყურებელს აქვს შესაძლებლობა უკვე თეატრალურ სივრცეში, სრულიად სხვა გადაწყვეტით შეხვდეს გოდერძი ჩოხელის გმირებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე