საქართველომ ინდონეზიაში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 17:31 | 12.04.2016
ნანახია: 1211

საქართველომ ინდონეზიაში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.  ჯაკარტაში ტურიზმისა და კულტურის რიგით მეორე ევროპული გამოფენაზე _  “Destination Europe 2016”,  საქართველოს საელჩოს ინიციატივით საქართველოს კუთხე მოეწყო.

ტურისტული გამოფენის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო  ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში,  ფედერიკა მოგერინიმ, რომელიც ინდონეზიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ფედერიკა მოგერინიმ ტურისტული გამოფენის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ღონისძიების გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად  მოინახულა საქართველოს საგამოფენო კუთხე. ფედერიკა მოგერინიმ  ხაზი გაუსვა გამოფენაზე ქართული მხარის ევროპასთან ერთად წარმოჩენის მნიშვნელობასა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს გამოფენაში აქტიური მონაწილეობისთვის.

“Destination Europe 2016”-ზე  წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, ასევე ქვეყნის ღირშესანიშნაობების ამსახველი ფოტოები, ხალხური რეწვის ნიმუშები, ტრადიციული სუვენირები, ქართული სამოსელი, ღვინო და ჩურჩხელა.  ორდღიანი გამოფენის განმავლობაში  საქართველოს სტენდს სტუმრობდნენ ინდონეზიის  ტურისტული სააგენტოებისა და მასმედიის წარმომადგენელები, ბლოგერები და ინდონეზიაში მყოფი უცხოელი ტურისტები.

ღონისძიება ფართოდ გაშუქდა  მასმედიის  საშუალებების მიერ. ტურისტული გამოფენის ფარგლებში სპეციალურად გამოყოფილ საპრეზენტაციო დარბაზში საქართველოს ელჩმა, ზურაბ ალექსიძემ, გამართა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია და საზოგადოებას წარუდგინა სარეკლამო ვიდეორგოლები საქართველოზე.

ინდონეზიაში საქართველოს საელჩომ, ევროკავშირის წევრ და არაწევრ ევროპულ ქვეყნებთან ერთად,  აღნიშნულ ტურისტულ  გამოფენაში  უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე