მეწარმეობის განვითარების სააგენტო კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ინდურ მხარეს გააცნობს

საქართველო, თბილისი - 17:04 | 12.04.2016
ნანახია: 1378

12-15 აპრილს ინდურ ბაზარზე მოქმედ კინომწარმოებლებს და საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს ეძლევათ შანსი მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ შესახებ, რომელიც რამოდენიმე თვეა დაემატა სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და დიდ ინტერესს იწვევს საერთაშორისო კინომწარმოებლებს შორის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება ქ. მუმბაიში. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დამსწრე აუდიტორიას პროგრამის ფარგლებში დანერგილ cash rebate მექანიზმს დეტალურად გააცნობს, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში  დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს. აღნიშნული მექანიზმი მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ეყრდნობა და საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური გარემოს განვითარების კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

მუმბაიში ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანია პროგრამისა და საქართველოს, როგორც ხელსაყრელი გადასაღები ადგილმდებარეობის პოპულარიზაციის კუთხით და უცხოელი კინომწარმოებლების დაინტერესებას ემსახურება.   გარდა ამისა, დაგეგმილი შეხვედრების მიზანია ინდური მხარისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა, რაც თავის მხრივ, ქართული კინოს განვითარებასა და გააქტიურებას უწყობს ხელს.  

ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ინდური კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობისა და საქართველოში სტუმრობის საკითხების განხილვა.

აღნიშნული მექანიზმი მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ეყრდნობა და საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური გარემოს განვითარების კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

შეგახსენებთ, რომ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.

სააგენტო საერთაშორისო პროდიუსერებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად დაინტერესებულ მხარეს  „ერთი სარკმლის“ პრინციპით მომსახურებას სთავაზობს, რაც მომართვის შედეგად პროდიუსერისთვის  სასურველი ლოკაციების მოძიებაში, კინოგადაღების დაგეგმვაში, ნებართვების მიღებასა და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციაში კონსულტაციის გაწევასა და დახმარებას მოიაზრებს.

ახალი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და პროგრამაში ჩასართავად საჭირო აპლიკაციის ფორმის მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.filmingeorgia.ge

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე