აზერბაიჯანის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი ილჰამ ალიევმა და მეჰრიბან ალიევამ მოინახულეს

საქართველო, თბილისი - 12:01 | 12.04.2016
ნანახია: 1178

აზერბაიჯანის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ მოინახულეს.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, 7-9 აპრილს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი  ბაქოში გამართულ მე-15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "AITF 2016" წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს სტენდი აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტმა  ილჰამ ალიევმა მეუღლესთან ერთად მოინახულა.

საქართველოს სტენდზე მისულ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის შესახებ მომზადებულ მრავალფეროვან სარეკლამო მასალებს გასცნობოდნენ  და ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში არსებული ტურისტული პროდუქტების შესახებ.

ბაქოს გამოფენაზე "AITF 2016" 42 ქვეყნის 300-ზე მეტი ტურისტული კომპანია იყო  წარმოდგენილი. გამოფენის ვიზიტორებს ექსკლუზიურ შემოთავაზებებს ტურისტული ორგანიზაციები, სასტუმრო სექტორი, სანატორიუმები, გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრები, სპორტული და ეკოლოგიური ტურისტული ობიექტები წარუდგენდნენ.  

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ აზერბაიჯანი ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ტურიზმის დეპარტამენტი აზერბაიჯანში გარდა გამოფენაში მონაწილეობისა,  10 აპრილიდან 31 მაისამდე სარეკლამო კამპანიას ახორციელებს.

კამპანია მოიცავს როგორც გარე რეკლამას, ეკრანებზე სარეკლამო რგოლების გაშვებას ბაქოს ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ქალაქის მუნიციპალური ავტობუსების ბრენდირებას აჭარა-ბათუმის სარეკლამო აფიშებით.

პიარ და მარკეტინგული აქტივოებები ასევე მოიცავს ინტერნეტ რეკლამას, პრესს და ინფო ტურიების ორგანიზებას, აზერბაიჯანში 2 დიდ სავაჭრო ცენტრში პრომოაქციების მოწყობასა და ყველაზე რეიტიგნულ რადიოში „მედია FM”  რეკლამის გაშვებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე